logo
ENG



დროა, საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მსხვერპლს და არა მოძალადეს - გიორგი თარგამაძის Op-Ed

30 სექ 202021:05
3 წუთის საკითხავი
clock 1976
xhwxlma50lcbp46.jpg

"..შენ ის არა ხარ, ნაცები რომ სტუდიაში შემოგიცვივდნენ და ტელევიზია თავზე დაგამხეს?! მაგათ როგორ ალაპარაკებ?!“ ან "..იმედში რომ შემოგიცვივდნენ, მაშინ უნდა დაებრიდეთ!..“ - შიგადაშიგ ამ შინაარსის და პათოსის შეტყობინებებს და კეთილ სურვილებს ვპოულობ ჩემს ფოსტაში ან კომენტარებში პირებისგან, რომელთა პროფილს თუ გადახედავთ, შეუძლებელია, აღფრთოვანება არ დაგეუფლოს მათი "ტროლური მიღწევების“ და ველური ფანტაზიის მასშტაბების მნახველს; ან მეორე კატეგორია სუბიექტების, რომლებიც ვინაობას სულაც არ მალავენ, იმ იმედით, იქნებ მათმა პარტიულმა ბოსებმა რამენაირად შეამჩნიონ და ლანძღვაში თავგამოდება დაუფასონ.

ამათთან და მათნაირებთან საქმე არ მაქვს. კითხვები მაქვს იმ ადამიანებთან, იმედის დარბევა რომ ცუდ და მიუღებელ ქმედებად მიაჩნდათ და ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ბოლო ხანს, განსაკუთრებით მომრავლებული ძალადობისა და ვანდალიზმის ფაქტები თითქოს არც შეუმჩნევიათ და შესაბამისად, მათ ძალიან მგრძნობიარე ემოციურ სამყაროში ვერანაირი დისონანსი შეუტანია. "..მთავარია ჩემსას არ ცემდნენ და აპარატურას არ უმტვრევდნენ, თორემ მთავარისას თუ მიბეგვავენ, იქნებ გულში მესიამოვნოს კიდეც..“ არა მათ შესაგონებლად, გამოსაფხიზლებლად მინდა ვთქვა: ,,ქარის მთესველები ქარიშხალს მოიმკით-თქო" - ეს ძველი სიბრძნე იმ მთავრობის და მისი ლიდერებისთვის პირშიც და საჯაროდაც, არაერთხელ, იმ დროს მითქვამს, როდესაც თქვენი უმრავლესობა სააკაშვილის მზეს ფიცულობდით, თქვენი ლიდერი კი იმედის დამფუძნებელთან მის დაპირისპირებაში და არამარტო ამ საქმეში მიშას მთავარი მოკავშირე იყო.

წინა ხელისუფლებამ დათესილი ძალადობა უკვე არაერთხელ მოიმკა. მათში ალბათ ისეთებიც არიან, არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც რომ ვერ სწავლობს და თუ დღეს ეს ძალადობა ვერ შევაჩერეთ, ხვალ უკვე ამჟამინდელი ხელისუფლის თავზე წამოვა ქვების და უკეთეს შემთხვევაში კვერცხების წვიმა და ასე იქნება დაუსრულებლად.

რატომღაც ყველა მთავრობას გონია, რომ შეუძლია, წახალისებული ძალადობა თავის ჭკუაზე მართოს. არადა ძალადობა გაზქურა არაა, რომ არეგულირებს- როცა გინდა მოუმატო ან მოუკლო. უპასუხისმგებლო ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ იმ ჯინს ათავისუფლებს, რომელიც პირველ რიგში მასვე მოუსწრაფებს პოლიტიკურ მომავალს. თუმცა არა მარტო: როდესაც ხელისუფალი ძალადობას ახალისებს და საკუთარი საარჩევნო ამოცანებისთვის იყენებს, ეს მხოლოდ მის პოლიტიკურ ოპონენტებს აღარ ეხება. ძალადობის მსხვერპლი ხდება, ჟურნალისტი, ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი, უბრალოდ მოქალაქე. ამ ყველაფერს უყურებს მოზარდი და თავად ძალადობს თანატოლზე, შედეგად, ძალადობა ხდება ცხოვრების წესი... უპირატესობის დამტკიცების საშუალება.

რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი არხის სოლიდარობა ნაცემ და სასტიკად დარბეულ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და სამოქალაქო აქტივისტებს თუ პოლიტიკოსებს. მათ ადგილას, დიდი ალბათობით, ჩვენი გადამღები ჯგუფიც შეიძლება ყოფილიყო. ყველა დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.

თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაიაზროს ერთი რამ: სანამ ხელისუფლება დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ქუჩაში დაგდებული, ნაცემ-ნაბეგვი და დამცირებული ოპოზიციონერი მისი საარჩევნო უპირატესობის დადასტურება იქნება ამომრჩევლის თვალში, ის ძალადობას არ მოიშლის. დროა, ქართულმა საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადოს მსხვერპლს და არა მოძალადეს და ეს მხარდაჭერა პოლიტიკურ შედეგშიც აისახოს.


close დახურვა