logo
ENG



დღეიდან ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე 109-ე მუხლით დაისაჯოს - ნიკოლაძე

10 ივლ 202017:13
3 წუთის საკითხავი
clock 2246

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი დამნაშავეების სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დასჯას ითხოვს.

მისივე თქმით, ოჯახის პოზიცია იქნება კატეგორიული და ისინი დაელოდებიან, თუ როდის წარედგინება ბრალდებულებს დამძიმებული ბრალი.  

„ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ უკვე შემოგვთავაზა, ბუნებრივია კარგია და სწორი კვალიფიკაცია. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109-ე მუხლით და შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის მკვლელობის გამო“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა