logo
ENG



ეზუგბაია: კონტროლირებადი მატება მოსახლეობის მაღალ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული

17 სექ 202011:18
3 წუთის საკითხავი
clock 352
w9mx30wnvlv6e04.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევიდან, 126 აჭარაში დაფიქსირდა.

მისი თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის კონტროლირებადი მატება დაიწყოს.

"კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან აჭარაში გამოვლინდა 126, იმერეთში 16, თბილისში 15, სამეგრელო ზემო-სვანეთში 7, მცხეთა-მთიანეთში ასევე 7, გურიაში 4 და კახეთშიც 4. არსებული დინამიკით და ახალი დადასტურებული პაციენტების რაოდენობით, ბოლო პერიოდი მზარდი იყო - გუშინ იყო 196 და დღეს არის 179. თუნდაც ასეთი მინიმალური სხვაობით, თუ ჩვენ მომდევნო დღეებში გვექნება დაღმართი, ნელ-ნელა, ალბათ, დაახლოებით 2 კვირაში ზომიერ კონტროლირებად მატებას მივიღებთ", - აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, კონტროლირებადი მატება მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

"კონტროლირებადი მატება დამოკიდებულია მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე. აუცილებელია რეგულაციების შესრულება, პირბადეების ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა. დაწესებულებებში აუცილებელია იყო სანიტარული პირობები დაცული", - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს, 17 სექტემბერს კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 2937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1422 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.


close დახურვა