logo
ENG



ელისაშვილი: ვისურვებდი, წინასაარჩევნოდ ეპისკოპოსები არ ჩნდებოდნენ პოლიტიკოსებთან

20 სექ 202013:53
3 წუთის საკითხავი
clock 486
yt7w0q2rvqy6rji.jpg

მოქალაქეების დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება სასურველი არაა.

"ვისურვებდი, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არც პოლიტიკოსები ფარისევლობდნენ ეკლესიაში სიარულით და ფოტოების გადაღებით და ვისურვებდი, განსაკუთრებით ეპისკოპოსები, თავს იკავებდნენ პოლიტიკოსებთან ერთად კადრებში გამოჩენას", - განაცხადა ელისაშვილმა.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მათ შორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების პარტიული ღონისძიების შემდეგ, წყალტუბოში ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენასაც დაესწრო. როგორც ამბობს, ამჯერად წყალტუბოს პარტიულ ღონისძიებაზე მიაგო ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი. 

მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ არაფერს ამბობენ საპატრიარქოში. მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენის ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება მათ არჩევნების ჩარევას არ ნიშნავს.


close დახურვა