logo
ENG



ელისო კილაძე: გაბეჩავას თქმით, ფოტოგრაფი ლისიდან წამოსვლის შემდეგ გზაში შეხვდათ

14 ივლ 202021:30
3 წუთის საკითხავი
clock 346
n0b2gqr1xyrylgn.png

გადაცემაში „პოლიტმეტრი“ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ანა გაბეჩავასთან ინტერვიუს დეტალებზე ისაუბრა.

გაბეჩავა, რომლის დაბადების დღზეც დაიწყო ჩხუბი გიორგი შაქრაშვილის გარდაცვალების ღამეს, ინტერვიუში ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი არ იცის. კილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ჩხუბის შესახებ გაიგო, იუბილარმა კონფლიქტში მონაწილეები აგარაკიდან გაყარა.

„როცა ჩხუბის შესახებ გავიგე, გავედი გარეთ. გავყარე ბავშვები დაბადების დღიდან. წავიდა ორივე მხარე - საბურთალოელებიც და ნახალოვკელებიც“, - ამბობს კილაძესთან ინტერვიუს დროს გაბეჩავა. 

კილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაბეჩავა სახლში შებრუნდა, მოილაპარაკეს, რომ ლისზე ერთ-ერთი მეგობრის, წაქაძის აგარაკზე წასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ წვეულება. გაბეჩავას თქმით, ახვლედიანმა ლისზე წასულ ჯგუფთან დარეკა და თქვა, რომ ჩხუბი მოხდა. 

როგორც გაბეჩავას ინტერვიუდან ირკვევა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზე მისი მისვლიდან მალევე იწყება კონფლიქტი. ინტერვიუს თანახმად, ლისიდან წამოსულებმა დაინახეს ფოტოგრაფი, რომელიც ავტოსტოპით, სავარაუდოდ, სახლში მიდიოდა. კილაძეს თქმით, გაბეჩავა ამბობს, რომ მათ იაკობი მანქანაში ჩაისვეს და თემქაზე წაიყვანეს.

კილაძე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება იაკობ ბრეგვაძის ნათქვამი, თითქოს ის სახლში წავიდა მცხეთიდან, რადგან ის თემქის ბინაში მისვლამდე ლისზე მიდიოდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა