logo

ემუქრება თუ არა ქვეყანას უსაფრთხო მიმღების სტატუსის დაკარგვა - მთავრობამ ტურიზმის გახსნა გადადო 

clock 30 ივნ 202020:15

ევროკავშირში გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველო ოფიციალურადაა იმ 14 ქვეყანას შორის, რომელთანაც ევროპა საჰაერო მიმოსვლას აღადგენს. ამისთვის საზღვრები ქართული ოცნების ხელისუფლებამაც უნდა გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს უნდა დაემშვიდობოს. 

პანდემიის დროს დაკეტილი ცა კი ხვალ უნდა გახსნილიყო. ერთი თვით გადადებული საერთაშორისო ფრენები, სხვადასხვა გათვლით, ქვეყნის ეკონომიკას 8 მილიარდიან ზარალს მიაყენებს. შემოსავლის გარეშე უკვე დარჩნენ სასტუმროების მფლობელები. საგანგაშოს უწოდებენ ექსპერტები და ოპონენტები მთავრობის მიერ ტურიზმის ამოქმედების გადავადებას და ევროკავშირის მიერ სიის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლას ელოდებიან.

საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრების გახსნა და რეგულარული ფრენების აღდგენა 7 მაისს დააანონსა. მთავრობის 6 ფაზიანი ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, ხვალიდან რეგულარული ფრენები უნდა აღდგენილიყო, თუმცა,"ქართულმა ოცნებამ" დაპირებას არ ასრულებს. 8 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ზარალს ვარაუდობენ ეკონომისტები ტურიზმის სექტორის ჩაკეტვით.

ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ორმხრივია. ევროპის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს შესვლა მხოლოდ იმ პირობით შეეძლებათ, თუკი საქართველოს ხელისუფლება რეგულარულ ფრენებს აღადგენს. საქართველოს მთავრობას ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს საქართველოს  საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე 

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით საქართველოში შემოსვლა მხოლოდ მოქალაქეებს ან ბინადრობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ. ყველა შემოსული პირი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის. გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობამ წესები ქვეყანაში 1 აგვისტომდე დატოვა.  თუმცა, ევროკავშირის საიტზე სიის გამოქვეყნების შემდეგომ, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდეს რეგულაციები ისევ შეცვალოს და რეგულარული ფრენები ევროპის მიმართულებით აღადგინოს, სხვა შეთხვევაში, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ვერ მოხვდება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა