logo
ENG



ვაშაძე:ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე

02 ივნ 202012:27
3 წუთის საკითხავი
clock 317

„ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი და გუნდი, რადგან არჩევნებზე ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც.

ვაშაძის განცხადებით, ერთმანეთში გვერდზე დგომით ოპოზიცია თავის მიზნებს მიაღწევს. 

„საზოგადოებას ოპოზიციის ერთიანობის იმედიც აქვთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პარტიული განცხადებები ხალხის თვალში ამ ერთობას აზიანებს. მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ამ ერთიანობის დარღვევას. გამარჯვება და ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ჩვენი ერთიანობა აშინებს ყველაზე მეტად.

"8 მარტს რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ეს სწორედ ოპოზიციის ერთიანობის დამსახურებაა. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და მომხრე ვიყავი საჯაროობის. ჩემთვის მთავარი არის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ საქართველოში, რომ ამ უზარმაზარი უკიდეგანო პრობლემებიდან გამოვიყვანოთ საქართველო.

"რაც შეეხება პრემიერობის, საკითხს ძალიან გამიკვირდა გუშინ რომ ამაზე იყო საუბარი. ერთის მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ მოვისმინე რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე. ეს იყო გარკვეული ადამიანების მოსაზრებები, რომლებმაც გამოთქვეს აზრი ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემთხვევაში დისონანსს ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში და ძალაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ.

"ვფიქრობ, რომ „ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს. 

"ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს მტერს უნდა. ძალა ერთობაშია და აუცილებლად ამ ერთიანი ძალებით ჩვენ გავიმარჯვებთ იმ უბედურებაზე რაც ქვეყანაში ხდება.

"ოქტომბრის არჩევნები - ეს არის არჩევანი ორ საკითხს შორის. ერთის მხრის საქართველო, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა და უკიდეგანო გაჭირვებაშია და საქართველო, რომელიც რეგიონის ლიდერია, წინ მიდის, თითოეულ მოქალაქეს აქვს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული განვითარების პერსპექტივა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 


close დახურვა