logo
ENG



ვახტანგ კალოიანი: კრიზისში შესვლას ვიწყებთ მოუმზადებელი, რაც ძალიან სახიფათოა

07 აპრ 202022:35
3 წუთის საკითხავი
clock 1233

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა მოსალოდნელ კრიზისს მოუმზადებელი ხვდება. ის ორ მთავარ პრობლემად ტესტირების პროტოკოლის არასრულყოფილებას და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის ნაკლებობას ასახელბს.

როგორც კალოიანმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო უმოკლეს ვადებში ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას არ დაიწყებს, შედეგები დრამატული იქნება.

"ეს ვითარება გვაჩვენებს პრობლემას არასაკმარისი ტესტირებების. აქ საუბარი არ არის საყოველთაო ტესტირებაზე, ქუჩაში ტესტირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყოს ის ჯგუფები ადამიანების, რომლებიც არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენი არიან პაციენტები სიმპტომებით, ექიმები და მის მოვლაში ჩართული ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, დასუფთავების სამსახური, ისინი, ვისაც ძალაუნებურად უწევთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუშაობა და ესენი არიან კარანტინშია და იზოლაციაში მყოფი პირები. აქაც თავისი წესები აქვს ტესტირებას, მაგრამ ზოგადი პრობლემა ჩანს ორი - პირველი ეს არის ტესტირების პროტოკოლის არასრულყოფილება და მეორე შემთხვევაში კოლეგების ნაკლები ინფორმირებულობა ამ დაავადებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სოციალური სივრცე აქვს მოცული კორონავირუსს და ვხუმრობთ კიდეც, რომ სხვა მედიცინა რეალურად დაგვავიწყა კორონავირუსმა, ამის მიუხედავად სისტემური ორგანიზებული წვრთნა და მომზადება სამედიცინო პერსონალის სამწუხაროდ დღემდე არ ჩატარებულა. ჩატარდა გადამზადება იმ სამ სათაო კლინიკაში, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში. ახლა დაიწყო გადამზადება პირველადი ჯანდაცვის ექიმების. სისტემის სხვა ნაწილები რეალურად მომზადების თვალსაზრისით მოშიშვლებულია. 

სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ ვხედავ ჯანდაცვის სამინისტროს მზაობას და აქტიურობას აგრესიული ტრენინგების მიმართ. ტრენინგები არ უნდა ჩერდებოდეს, ეს ცენტრალიზებულად უნდა კეთდებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სწრაფად, პროფესიონალების მაქსიმალური ჩართვით. ტრენინგებზეა დამოკიდებული არამარტო ჯანდაცვის სისტემის გამართულობა, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. მე ცოტა მკვეთრი ვიქნები, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრენინგების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 195 პაციენტით თავმოწონების საფუძველი აღარ გვექნება იმდენად დრამატულ შედეგებს მივიღებთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენ დღეს ვიწყებთ კრიზისში შესვლას და ასე მოუმზადებელი ამ კრიზისში შესვლა ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა კალოიანმა.

 


close დახურვა