logo
ENG



ვიცე-მერი ჭავჭავაძის გამზირის საცობზე: სქემის შეფასება დღეს არ შეიძლება, ადაპტაციას დრო უნდა

01 აგვ 202017:59
3 წუთის საკითხავი
clock 569
ვიცე-მერი ჭავჭავაძის გამზირის საცობზე: სქემის შეფასება დღეს არ შეიძლება, ადაპტაციას დრო უნდა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემის შეცვლის შეფასება არ შეიძლება.

როგორც ხმალაძე განმარტავს, გამზირზე მოძრაობა არსებითად არის შეცვლილი, შესაბამისად, ყველა ტიპის ტრანსპორტს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება.

„დღეს არის პირველი დღე, როდესაც ჭავჭავაძის გამზირმა ახალი სქემით დაიწყო ფუნქციონირება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არსებითად შეიცვალა მოძრაობის სქემები, ყველა ტიპის ტრანსპორტს სჭირდება ადაპტაციისთვის გარკვეული დრო.

ეს შეიძლება გაგრძელდეს, ერთი, ორი, სამი დღე, შეიძლება ერთი კვირაც. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ და რასაც დღეს ვხედავთ, ამ სქემის შეფასება ნამდვილად არ შეიძლება, რადგან ამას სჭირდება დრო“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ხმალაძე ასევე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ამ ადგილზე ახალი სქემის მიხედვით, გამტარუნარიანობა გაიზარდა.

„ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა, მოქალაქეების რაოდენობა რომ ავიღოთ, საათში 8 000-ზე მეტის გატარება შეუძლია, იმიტომ რომ მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა“, - ამბობს ხმალაძე.

შეგახსენებთ, 1-ლი აგვისტოდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა სპეციალურ ზოლში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. ახალი სქემის ამოქმედებამ ქალაქში საცობები გამოიწვია.


close დახურვა