logo
ENG



ვიცე-პოლკოვნიკი ხვიბლიანი: ინფორმაცია, თითქოს მე ვარ ბანკზე თავდამსხმელი, სიცრუეა

24 ოქტ 202017:22
3 წუთის საკითხავი
clock 2508

ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ხვიბლიანი სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის არის თავდამსხმელი, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა.

ხვიბლიანი ამბობს, რომ ძარცვის დღეს ის თბილისში იყო და ამის დადასტურება შესაძლებელია:

"ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად თურმე მყოლია, ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ვიმეორებ და ვაკონკრეტებ, რომ არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება. ძარცვის დღეს ვიყავი სახლში, ვცხოვრობ თბილისში, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა, ისეთ ადგილებში ვიარე, სადაც ყველაგნ დაფიქსირებული ვარ",- ამბობს თემურ ხვიბლიანი.

რაც შეეხება ერთ-ერთ მძევალს, დავით ხვიბლიანს, რომელზეც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის თავდამსხმელის თანამზრახველი იყო - თემურ ხვიბლიანი ამბობს, რომ დავით ხვიბლიანმა 21 ოქტომბერს ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით SMS შეტყობინება მიიღო და სწორედ ამიტომ იყო ის თავდასხმის დღეს საქართველოს ბანკში. 

"მიიღო SMS შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ადგა, ჩავიდა ბანკში რაღაც გარკვეული დროის შემდეგ შემოვარდა მძარცველი, რა თქმა უნდა ესეც მოყვა ამ მძევალთა რიგებში.

მე რომ ვიცოდე თავდამსხმელი ვინ არის, რა თქმა უნდა, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ვითანამშრომლებ სამართალდამცავ ორგანოებთან", - თქვა თემურ ხვიბლიანმა.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. 

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.

უცნობია მისი ვინაობა, ასევე უცნობია, დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია. შსს აცხადებს, რომ მისი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა