logo
ENG



ზატულინი: საჭიროების შემთხვევაში სომხეთში საჭირო ძალები საქართველოს გავლით გადაიგზავნება 

23 ოქტ 202015:37
3 წუთის საკითხავი
clock 2171
m34ru8il2pxwcjz.jpg

რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის, განცხადებით, თუ საჭირო იქნება სომხეთში, შესაძლოა, შესაბამისი ძალები საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით გადაგზავნონ. ამის შესახებ Ekhokavkaza იუწყება.

ზატულინი მთიან ყარაბაღს სომხეთის ტერიტორიად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეთნიკურად სომხებს, "რომლებსაც რეგიონში გენოციდიც ახსოვთ", გარკვეული საფრთხე ემუქრებათ.

"გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურმა თბილისმა მშვიდად უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება. ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში "ბოევიკების" გამოჩენაზე, რაც დააზარალებს რუსეთს, საქართველოსაც და ყველა დანარჩენს", - განაცხადა ზატულინმა.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უფრო მკაფიო უნდა გახადოს. 

"რუსეთში უნდა ესმოდეთ, რომ საუბარია არა მხოლოდ  ბრძოლაზე სომხების წინააღმდეგ მთიან ყარაბაღში. საუბარია კავკასიაში ახალი მსოფლიოს შექმნაზე. მსოფლიოსი, რომელშიც თურქეთი არის ადამიანების ბედის გადამწყვეტი", - ამბობს დეპუტატი.

ფორმულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ქართული მხარე საკითხზე შეფასებას არ აკეთებს და არგუმენტად კიდევ ერთი რუსი დეპუტატის განცხადება მოჰყავთ, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობა უარყო.

კერძოდ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ანდრეი კრასოვის, განცხადებით, მთიან ყარაბაღში რუსული შეიარაღებული ძალების გამოყენება არ იგეგმება და აღნიშნული პოზიცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის შეთანხმებული.

"ზატულინს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები აკეთოს", - ამბობს კრასოვი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 

მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბერს, მოსკოვში სერგეი ლავროვის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებაზე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაირღვა. 

ორივე მხარე შეთანხმების დარღვევასა და კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს.


close დახურვა