logo

თალაკვაძე: დეკანოიძის მოსმენით მხოლოდ მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები არიან დაკავებულნი

clock 8 clock 267 clock 18 ოქტ 202014:28
89gdk8o3sffn21d.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ენმ-ის ისნის მაჟორიტარი კანდიდატის, ხატია დეკანოიძის მოსმენით მხოლოდ საკუთარი მცირერიცხოვანი ამომრჩეველია დაინტერესებული. 

თალაკვაძე დეკანოიძის ბრალდებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ენმ-ის ოფისში სუს-ი ფარული მიყურადების აპარატურის დამონტაჟების მიზნით შეიჭრა. 

„რამდენადაც ცნობილია, ხატია დეკანოიძის საუბრით, მისი მოსმენით, მისი დაპირებების მოსმენით და საჯარო კომუნიკაციით დაინტერესებული არიან ერთადერთი მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, სხვას დღეს მის მოსასმენად არ სცალია, ყველას აქვს თავის საქმე, ჩვენ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია, ვართ მომავალზე ორიენტირებული, ვხვდებით საზოგადოებას და ნამდვილად არ გვაქვს იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ხატია დეკანოიძეს მოვუსმინოთ თუ რას საუბრობს ის და რას ატყუებს საზოგადოებას".- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, დევნა და მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტია წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებაზე, უკანონო მოსმენებსა და წამებაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად ხატია დეკანოიძის ბრალდება ყურადღების მიპყრობას ემსახურება. 

"ერთი რჩევა მინდა მივცე, თუ მას აქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. მანვე შსს-ს მოუწოდა, დაიწყოს ფაქტის გამოძიება.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა