logo
ENG



თალაკვაძე: მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ყველაზე უკეთ გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას

21 სექ 202014:50
3 წუთის საკითხავი
clock 1069
თალაკვაძე: მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ყველაზე უკეთ გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ხარაგაულისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიის პირველი ტალღის მოგერიება.

თალაკვაძის თქმით, საქართველო, ევროპაში კორონავირუსის მკვეთრი მატების ფონზეც კი, ვირუსის ერთ-ერთი დაბალი გავრცელების ზონად რჩება.

"მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიის და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა. ახლაც თქვენ რომ შეხვიდეთ გლობალური სტატისტიკის გვერდზე, ნახავთ, რომ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპაში, არის შემთხვევების მკვეთრი მატება და ამ ფონზეც საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა არც ყოფილა.

ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ საქართველოში საწყის ეტაპზე აღინიშნებოდა ვირუსის მინიმალური აქტივობა და სავარაუდოდ, პირველი ტალღა სწორედ ახლა ვითარდება.

"გველის თუ არა COVID-ის მეორე ტალღა? პირველ რიგში, სანამ განსახილველ თემაზე გადავალთ, დავაზუსტებ, რომ ეს საკითხი ჩვენ, საქართველოს, არ გვეხება, რადგან საქართველოში აქამდე იყო მინიმალური გავრცელება და ჩვენ როგორც ასეთი ეპიდემიური ტალღა არ გვქონია ჯერჯერობით, აღინიშნებოდა ვირუსის მინიმალური აქტივობა მხოლოდ და სავარაუდოდ, პირველი ტალღა სწორედ ახლა ვითარდება", - აღნიშნავს კანდელაკი.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოში ე.წ. პირველი ტალღა, დიდი ციფრებით და შემდგომი ნორმალიზებით, საერთოდ არ ყოფილა.

"ჩვენთან ამ ტალღებზე ლაპარაკი ცოტა უადგილოა, ვინაიდან ჩვენ დასაწყისიდან აგვისტომდე შემთხვევათა ძალიან დაბალი, დაახლოებით თანაბარი დღე-ღამური მაჩვენებელი გვქონდა, ანუ ე.წ. პირველი ტალღა დიდი ციფრებით და შემდგომი ნორმალიზებით ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა და ეპიდემიოლოგიური მრუდი პრინციპში თანაბარი იყო მინიმალური მერყეობებით", - აცხადებს ბუწაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შემთხვევების მატების ფონზე ლატვიასა და ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოები ავრცელებენ. 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას - დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 3695 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 1534 პაციენტი, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა