logo

თარგამაძის Op-Ed: დავით გარეჯი - წინასაარჩევნო ავანტიურას შეწირული ქვეყნის ინტერესები

clock 2 clock 628 clock 11 ოქტ 202020:10

უცნაური ხალხი ვართ... დღეს მთელს ენერგიას იმას ვახმართ, როგორმე ერთმანეთს დავუმტკიცოთ, რომ დავით გარეჯი საქართველოა?!… თითქოს ამ ჭეშმარიტებას საქართველოში ვინმე სადავოდ ხდიდეს. არადა საბჭოთა, სტალინური მემკვიდრეობის გამო სადავოდ ქცეულ გარეჯის მცირე, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე დავა, ერთმანეთთან კი არ გვაქვს, არამედ შეთანხმება მეზობელ აზერბაიჯანთან გვჭირდება. 

შესაბამისად, თუ ჩვენი მიზანი ბაქოსთან შეთანხმებაა, მაშინ საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი და ქმედება მათთან მოლაპარაკების სტრატეგიაში უნდა ჯდებოდეს. თუ ამაზე ვთანხმდებით, და იმედია ვთანხმდებით, მაშინ უბრალოდ დავფიქრდეთ იმაზეც, რომ მიწების უკანონო გადაცემის (სამშობლოს გაყიდვის) ბრალდება ავტომატურად გულისხმობს მიმღების, ანუ მყიდველის არსებობას. რადგან, თუ ყიდი, ვიღაც ყიდულობს, ეს ვიღაცა კი კონკრეტული სახელმწიფოა. ანუ, "კარტოგრაფების საქმის" სკანდალური ფორმითა და შინაარსით ჩვენ ბაქოს ირიბად ვადანაშაულებთ, თუნდაც მოღალატე ქართველი ექსპერტების თუ ჩინოვნიკების მონაწილეობით ფარულ, ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის შეუფერებელ, მტრულ, კორუფციულ გარიგებაში. 

ახლა ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, როგორ ხასიათზე დადგება ბაქო, თუნდაც ის ფონი გამოვრიცხოთ, რაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ბუნებრივად უმძაფრებს მისდამი ამ სიტუაციაში გამოვლენილი დამოკიდებულების აღქმას. პასუხი მარტივია: ბაქოს ექნება მკვეთრად უარყოფითი რეაგირება, რაც მომავალი პოლიტიკური შეთანხმების ალბათობას უფრო ბუნდოვანს ხდის.

დავუშვათ პროკურატურა მართალია. მივყვეთ მის სცენარს: გავხსენით სახელმწიფო შეთქმულება იმის შესახებ თუ როგორ დგამდა კონკრეტული პირების ჯგუფი, ძველი მთავრობისა და საექსპერტო წრის წარმომადგენელთა მონაწილეობით მიზანმიმართულ მოღალატეობრივ ნაბიჯებს, 3 500 ჰექტარის გასხვისებისთვის აზერბაიჯანზე. ამავე დროს, ხელისუფლების მტკიცებით, თითქოს მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც სადავო ტერიტორიებს საქართველოს საზღვრებში აფიქსირებს, რამაც პოტენციურად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეთანხმების მიღწევა უნდა გაუადვილოს.  

ასეთ შემთვევაში, თუ ხელისუფლების ამოცანა ამ ტერიტორიების შემოსაერთებლად მართლაც შეთანხმების მიღწევაა (და არ მგონია ვინმე სამხედრო საშუალებებით აპირებდეს ამის გაკეთებას, თვით ყველაზე რადიკალები, მარშელები, ბაქოსთვის მიცემული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, მათი ლიდერის თამადობით ჯიბეში ხელებჩაწყობილი აპირებენ სადავო ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად გადასვლას), ელემენტარული პოლიტიკური და დიპლომატიური ლოგიკა გვკარნახობს, რომ ქართული ოცნების თუ საერთოდ ნებისმიერი ქართული მთავრობა შემდეგნაირად უნდა მოქცეულიყო: მაქსიმალურად ფრთხილად და გაუხმაურებლად გამოეძია საქმე; ძირფესვიანად შეესწავლა ახალი კარტოგრაფიული მასალა იმისთვის, რომ მის გამოყენებას მოლაპარაკებებში საქართველოსთვის მომგებიანი 1938 წლის საწყისი წერტილის მორღვევა არ გამოეწვია; ბოლომდე გამოერიცხა ქვეყნის შიგნით ურაპატრიოტული პოლიტიკური აჟიოტაჟი, იმის გათვალისწინებითაც, რომ ასეთების დეფიციტი არც აზერბაიჯანში აქვთ და ისეთ დროსა და ისეთი ფორმით გაეზიარებინა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის საქმის დეტალები და ახალი კარტოგრაფიული მტკიცებულება, რომ მაქსიმალურად აერიდებინა თავიდან ოფიციალური ბაქოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ  აღარაფერი ვთქვათ სავარაუდო კონფრონტაციაზე. 

არადა მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო: საქართველომ ყველაზე უარესი დრო შეარჩია ამ საქმის სააშკარაოზე გამოსატანად. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სწორედ მაშინ გადასცა კოლეგას ახალი რუკა და გააცნო საქმის სავარაუდო დეტალები, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი ახალი ძალით აფეთქდა. ამას დაემატა მეცნიერების დაკავების შემდეგ, ფორმალურად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის, საქართველოს პრემიერმინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების ხმამაღალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ "კარტოგრაფების საქმე" ქვეყნის შიდა საკითხია და საერთო არაფერი აქვს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასთან, რამაც ბევრად მაღალი პოლიტიკური და საერთაშორისო რეზონანსი შესძინა ორ ქვეყანას შორის სადაო ტერიტორიების საკითხს, რომელიც უბრალოდ შეუძლებელია, რომ მხოლოდ საქართველოს შიდა საქმე იყოს. საზღვარი ერთი ქვეყნის შიდა საქმე უბრალოდ ვერ იქნება.

თუ საქმის დეტალებში ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ არქიმანდრიტმა კირიონმა ჯერ კიდევ 5 თუ 6 წლის წინ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პრემიერ ღარიბაშვილს. მის მიერ მოყვანილი არგუმენტები განიხილეს უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზეც. წლების განმავლობაში საქმის კურსში იყო თავად ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ თანამდებობაზე მყოფი ყველა პრემიერმინისტრი. მაშინ ისმის კითხვა, რატომ აქამდე არ დადგა ეს საკითხი, მათ შორის ბაქოსთან მოლაპარაკებებში?! მაშინ ხომ ბევრად უკეთესი ფონი იყო ვიდრე დღეს როდესაც აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობაშია?!

ამ კითხვაზე 2 სავარაუდო პასუხი არსებობს. მაშინ ოცნების ხელისუფლებამ ან დამაჯერებლად არ მიიჩნია არქიმანდრიტ კირიონის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ან საერთოდ ფეხებზე დაიკიდა ეს საკითხი. დღეს კი უაღრესად მგრძნობიარე თემა წინასაარჩევნოდ გაააქტიურა იმ მიზნით, რომ საარჩევნო ტემპერატურას მოუმატოს, გამყიდველის და გადამრჩენის, ბოროტის და კეთილის ნაცადი პოლარიზაციის პოლიტტექნოლოგიით ემოციური ზემოქმედებისთვის წნევა გაზარდოს და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თავისკენ გადახაროს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ნათლად აჩვენა: რომ არა ივანიშვილის სასარგებლოდ, მეორე ტურისთვის, საპატრიარქოს შეცვლილი პოზიცია და პატრიოტთა ალიანსის და სხვა რადიკალური ჯგუფების ოცნებისთვის მობილიზებული პროცენტები, საარჩევნო მათემატიკით, ხელისუფლებას გარანტირებული წაგების მოლოდინი უნდა ჰქონოდა. დღეს ქართული ოცნება იგივე წინასაარჩევნო დილემის წინაშე დგას და გარეჯის დაბრუნების თემის ამ ფორმით შემოგდებით, შანსი უჩნდება ერთის მხრივ, საპატრიარქო ავტომატურად ხელისუფლების საარჩევნო ფერხულში ჩააბას, მეორეს მხრივ კი პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის ურაპატრიოტი თუ გულწრფელად ეროვნულ პრობლემატიკაზე ორიენტირებული მხარდამჭერები მიიხმაროს. 

მწარე რეალობა კი ისაა, რომ ამ პროცესში მოსკოვი გეოპოლიტიურ ამოცანას ასრულებს, ივანიშვილი კი ფსევდოეროვნულ ფლანგზე გაბნეულ ხმებს დასდევს, იმისთვის რომ უმრავლესობისა და მთავრობის დასაკომპლექტებლად აუცილებელი საპალამენტო მანდატები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, კვლავ პატრიოტთა ალიანსთან სახვეწარი არ გაუხდეს. მერე რა, რომ ამით გარეჯის იმ მცირე, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე შეთანხმების პერსპექტივას ვშორდებით. მთავარი ხომ ისაა, რომ ამ "პატარა ტრიუკმა", ბოლო ათწლეულების ომების და სოციალური კატასტროფების შედეგად ტრავმირებული ქართველების ფსიქიკაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ოცნების სასარგებლოდ იმოქმედოს. 

მერე რა იქნება, მერემ იდარდოს... ჯერ ხომ არავის მოუთხოვია პასუხი წარსულ წინასაარჩევნო ტრუკებზე, კონებად დარიგებულ შეუსრულებელ დაპირებებზე, ხმის მიცემამდე 2 კვირით ადრე დაანონსებულ და შემდგომში ჩაფარცხულ გამოძიებებზე თუ დღითიდღე მეტად გამოცარიელებულ მაცივარზე. 

მოკლედ: "..რას ერჩით ამ კაცს?! რუსულმა სპეცსამსახურმა მისცა თუ ვინმე სხვამ, ამ რუკით გარეჯს ხომ გვიბრუნებს.." - მათ მინდა მივმართო და ზემოთქმულის გააზრება თუ გვიჭირს ან რამეში არ მეთანხმებით, კიდევ უფრო მარტივ კითხვას გავცეთ გულწრფელი პასუხი: 

როგორ ფიქრობთ: - ედუარდ შევარდნაძეს უფრო ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მეორე მხარეს გადაწყვეტილების მიმღებ ფიგურასთან - ჰეიდარ ალიევთან, ან თუნდაც სააკაშვილს ილჰამთან, თუ ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის მმართველ ოჯახთან, ან ვინ უფრო უკეთ ერკვევა და აცნობიერებს ორი ქვეყნის მნიშვნელობას ერთმანეთისთვის და მსოფლიო, თუ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტს: - სხვადასხვა დროს მოლაპარაკებების სათავეში მყოფი ირაკლი მენაღარიშვილი, გელა ბეჟუაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, თუ ივანიშვილის ყურმოჭრილი მსახურები: ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ზალკალიანი და ირაკლი შოთაძე? 

მე ნუ მიპასუხებთ. საკუთარ თავთან იყავით გულწრფელი და არჩევნების მოსაგებად მძევლად აყვანილი კარტოგრაფების გაოცებული და შეურაცხყოფილი სახეების გახსენებისას ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. მორიგ წინასაარჩევნო ავანტიურას რიგითი ადამიანები და ქვეყნის ინტერესები ეწირება!

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა