logo
ENG



თურნავას თქმით, ბეირუთის აფეთქებასთან საქართველოში დატვირთული გემის დაკავშირება უსაფუძვლოა

06 აგვ 202014:58
3 წუთის საკითხავი
clock 569
am9dynyicdcinze.jpg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბეირუთში მომხდარ ტრაგედიასთან საქართველოში ამონიუმის გვარჯილით დატვირთული გემის დაკავშირება უსაფუძვლოა.

თურნავას განცხადებით, ვინ შეიძინა და რა პირობებში ინახებოდა პროდუქტი, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა პასუხს არ აგებს.

"ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში და წლებია, უკვე საქართველოც აწარმოებს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის მოიხმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარებისა და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება, საკმაოდ სავალალო შედეგები მივიღოთ.

2013 წელს ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდა. ეს იყო 7 წლის წინ. ამ დროის განმავლობაში ვინ შეიძინა, სად იმყოფებოდა ეს საქონელი,  რა პირობებში იყო შენახული, რა ტექნიკური გამართულობა თუ გაუმართაობა ჰქონდა გემს, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო", - აცხადებს თურნავა.

ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, 2013 წელს საქართველოდან მოზამბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა.

ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI გაავრცელა მას შემდეგ, რაც ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია, სულ მცირე, ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი.


close დახურვა