logo
ENG



თუ უნდათ მომკლან, მაგრამ შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ - ბაჩალიაშვილის დედა

03 აგვ 202021:42
3 წუთის საკითხავი
clock 660

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია იგეგმება. 

თამაზაშვილის თქმით, ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიით ცდილობენ თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ. 

"რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს და 12 წლის ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რომელიც არ უნდა მიეცათ. ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა. ჩემ შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად პატიოსანი იყო", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის ოჯახს არც იმის სჯერა, რომ თეთრიწყაროს საკალმახესთან არსებული კამერები 4 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. 

კითხვაზე - ელოდება თუ არა რაიმე ხელისშეშლას სამართალდამცველების მხრიდან ხვალინდელ აქციაზე, თამაზაშვილმა თქვა, რომ ელოდება. 

"არც ის მჯერა, რომ საკალმახეში 4 წლის განმავლობაში კამერები არ მუშაობდა. ჩემი შვილი ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ რომ ყოფილიყო მოკლული, იმას მაშინვე იპოვიდნენ. აღარაფერს ველოდები, აქამდე ველოდებოდი გახარიას, მაგრამ მან სრული იგნორი გამომიცხადა და გამოძიების იმედი არ მაქვს. ხვალ გამოჩნდება რა იქნება. საპატრულოს საქციელიც გამოჩნდება - იმედია ყველა ჟურნალისტი იქნება. საქართველოს ხალხის იმედი მაქვს", - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა". 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა. 

რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახეს, რომლის ტერიტორიაზეც ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლის ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან, მის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 


close დახურვა