logo
ENG



ივანიშვილი ვერ გამოსწორდება, მაგრამ ესმის, რომ ეს ყველაფერი დიდი ფასი დაუჯდება - ხოშტარია

07 ივლ 202018:12
3 წუთის საკითხავი
clock 748
mqzivoz8vmw5d8s.png

„ის, რაც მივიღეთ სენატის და კონგრესის მხრიდან, არის პრაქტიკულად სანქცირების პერსპექტივა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გადაცემაში „კომენტარი“ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხოშტარია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერს აკისრებს და ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოვლენებს სწორად არ შეაფასებს, ამით არა მხოლოდ ის, არამედ ქვეყანაც დაზარალდება.

„როგორც ეპყრობა ბიძინა ივანიშვილი ზოგადად ადამიანების აზრს, ჩვენ ეს გვინახავს, მაგრამ ამ შიდა და გარე წნეხმა, აიძულა ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი მოეწერა 8 მარტის შეთანხმებისთვის, რომლის ნაწილიც შესრულდა, თუმცა რაც შეეხება გიორგი რურუას, ამ ნაწილში ივანიშვილი ისე იქცევა, როგორც ვაჭარი.

ივანიშვილი ვერ გამოსწორდება, მაგრამ ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი დაუჯდება დიდი ფასი. ჩვენ რაც მივიღეთ სენატის და კონგრესის მხრიდან, ეს არის პრაქტიკულად სანქცირების პერსპექტივა. ეს არის ინიციატივა, რომელიც ამბობს, რომ თუ გავიდა, საქართველო სანქციებში მოჰყვება. ეს არავის ინტერესში არ შედის," - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, ივანიშვილთან ბრძოლის მიუხედავად, არ სურს, ქვეყანა დაზარალდეს იმის გამო, რომ ის უგუნურია:

"ივანიშვილის ინტერესშიც არ უნდა შედიოდეს ეს, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც მას ღიად ეძახიან პუტინის ადამიანს, როდესაც მისი პერსონალური და მისი გარემოცვის სანქცირების საფრთხე რეალური გახდა. რაც უფრო მალე მიხვდება ამ ყველაფერს, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება ქვეყანა. ჩემთვის მიზანი არ არის ივანიშვილის დაზარალება, ჩემი მიზანია ქვეყნის გაჯანსაღება, რასაც ხელს უშლის ბიძინა“, - ამბობს ხოშტარია.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე  დგას და რომ არა მათი ჩართულობა, ქვეყანაში უფრო მძიმე ვითარება იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეაჩეროს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიციშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.


close დახურვა