logo
ENG



ინფექციონისტი: რეგულაციები იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ მათ დაცვაზე სრულად უარი არ თქვან

03 სექ 202012:35
3 წუთის საკითხავი
clock 441
p389us4f3p197bi.png

ინფენქციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა მატებაზე პასუხისმგელობის სრულად მოსახლეობაზე დაკისრება არასწორია. ის Facebook-ზე წერს, რომ რეგულაციები მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და ცხადი იყოს - იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ თუ შესუსტებულ რეგულაციებს, შესაბამისი შედეგების მოლოდინით.

ინფექციონისტი არ ეთანხმება სპეციალისტების გზავნილების პათოსს, რომლის მიხედვით ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში ყველაფერი გააკეთა და ახლა სიტუაცია ცალკეული მოქალაქეების ქცევასა და რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული.

ბუწაშვილი წერს, რომ შეუძლებელია, ადამიანებმა რეგულაციები განუსაზღვრელი დროით დაიცვან, ამიტომ ისინი მოზომილი უნდა იყოს, რომ უკუეფექტი არ ჰქონდეს:

"არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტზე და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს. ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო, რომ შეუძლებელია, ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები. ამიტომ, იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ თქვენი ბრალიაო," - წერს ინფექციონისტი.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს "შესანიშნავი სტატისტიკა" ჰქონდა, მაგრამ თუ შემთხვევები კვლავ მოიმატებს, "ეს ხალხის ბრალი არ იქნება":

"ეს დაამტკიცებს,  რომ რაც არ უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს".

ინფექციონისტის თქმით, რეგულაციების შესუსტებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ და ვერავინ დაითვლის, მერამდენე ადამიანია ამა თუ იმ კაფეში შესვლისას.

ბუწაშვილი ექიმების ჩაქვში შეკრებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ თუ იქ წასვლა არ შეიძლებოდა, მაშინ ამის უფლება შესაბამის რეგულაციას უნდა შეეზღუდა.

 

"საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და ეკონომიკაც. რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და ბოლოსდაბოლოს ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც," - წერს ინფექციონისტი.

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრად იზრდება. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინში 6 185 ადამიანი იმყოფება. 

 

 


close დახურვა