logo
ENG



ირაკლი ბერაია კარტოგრაფების საქმეზე ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკამ "შეაშფოთა"

14 ოქტ 202020:15
3 წუთის საკითხავი
clock 825
gh1cb5undxk20uv.jpg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებაზე ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრის, ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკას "შემაშფოთებელს" უწოდებს. 

ანდრიუს კუბილიუსმა 13 ოქტომბერს კარტოგრაფების საქმეს "სასაცილო" უწოდა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ილიჩოვა და მელაშვილი რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მიზნით დააკავა. 

"შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა, რა რექცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო", - განაცხადა ბერაიამ.

ბერაიამ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ოცნების ხელისუფლების გამკლავების მიმართ კუბლიუსის კრიტიკა მიკერძოებულია და რომ კუბილიუსზე "ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები" საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაწილში აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ. 

"ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია.", - ამბობს ბერაია. 

დღეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კუბილიუსის კომენტარმა "გააოცა", რადგან, მისი თქმით, დავით გარეჯის თემა სასაცილო არ არის. 

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.

დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.

 


close დახურვა