logo
ENG



იწყება ჯაფარიძით, მთავრდება ლომინაძით - ხვიჩიამ გირჩის საარჩევნო სიის ათეული დაასახელა

31 ივლ 202018:26
3 წუთის საკითხავი
clock 896
yt3byuqomat5e3m.jpg

„გირჩის“ სიის პირველი ათეული იწყება ზურაბ ჯაფარიძით და მთავრდება გიორგი ლომინაძით, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „კომენტარი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩია ამბობს, 30 ივლისს „გირჩის“ მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო სიის პირველი ათეული უზუსტობას შეიცავდა, რადგან საიტი გადაიტვირთა და არასწორი შედეგები აჩვენა.

„არ ველოდებით ასეთ აქტივობას და საიტმა ვეღარ გაუძლო. ერთი საათის შემდეგ გადატვირთული სია სხვანაირი იყო. ეჭვი რომ არ გამოეწვია, დღეს თავიდან ჩავატარეთ პრაიმერისი, ზუსტად იგივე წესებით, ყველა რისკი გადაზღვეული იყო და „გირჩის“ მხარდამჭერებმა მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის სიის დაკომპლექტების შესახებ, სადაც მეც ვარ. „გირჩის“ სიის პირველი ათეული იწყება ზურაბ ჯაფარიძით და მთავრდება გიორგი ლომინაძით. ვარ მე, არიან ვახო მეგრელიშვილი, ჰერმან საბო, სანდრო რაქვიაშვილი, ამირან ტორონჯაძე, სანდრო თარხან-მოურავი და ბატონი ვახტანგ ზენაიშვილი“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

განახლებულ სიაში კვლავ ვერ მოხვდა ვერც ერთი ქალი.  საკანონმდებლო მოთხოვნის თანახმად კი ყოველი მე-4 განსხავებული სქესის უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით 30 ივლისს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ ცესკო-ში სიის წარდგენისას მოთხოვნას ფორმალურად დაიცავენ და ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის იქნება, მაგრამ პარლამენტში ის ადამიანები შევლენ, ვინც პარტიის ლიდერმა წარადგინა.

ცნობისთვის, თავდაპირველი ვერსიით, "გირჩის" პარტიული სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იყო. სიაში ასევე იყვნენ ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, ალექსანდრე (სანდრო) თარხან მოურავი, ამირან ტორონჯაძე და გიორგი ლომინაძე.

„გირჩის“ განცხადების თანახმადპროპორციული პარტიული სია მათსავე პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს, უნდა გამოევლინათ. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული ჰქონდათ  საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგსა და საბოლოო სიაზე.


close დახურვა