logo
ENG



კალაძე: 24 მძღოლი პირბადის გარეშე მართავდა მიკროავტობუსს, ისინი 2 დღე ვერ იმუშავებენ

21 ოქტ 202011:40
3 წუთის საკითხავი
clock 1545

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიკროავტობუსის 24 მძღოლი ორი დღით მოიხსნა ხაზიდან პირბადის არტარების გამო. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების სტატისტიკაზე მერმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

"გამოვავლინეთ მიკროავტობუსის 24 მძღოლი, რომლებიც პირბადის გარეშე მართავდნენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას კომპანიისა და ჩვენი სამსახურების მხრიდანაც მოყვება მკაცრი რეაგირება.

ამ 24 მძღოლის მიმართ სანქციები დავაწესეთ - ისინი 2 დღე ვერ იმუშავებენ, რათა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ", - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ გამოავლინეს, ასევე 224 მოქალაქე, რომლებიც ეცადნენ, მიკროავტობუსში პირბადის გარეშე ასულიყვნენ. კალაძის თქმითვე, ისინი არ აუშვეს ტრანსპორტში.  

თბილისის მერმა, ასევე აღნიშნა, რომ პრობლემები იყო ავტობუსებშიც, სადაც 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას:

"ისინი არ აუშვეს ავტობუსში. ასევე, დაახლოებით 1500-მდე მგზავრს მისცეს გაფრთხილება, იმისთვის, რომ მხოლოდ პირზე ეკეთათ პირბადე. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. იყო  პატრულის გამოძახების 21 შემთხვევა".

ივნისში კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.


close დახურვა