logo
ENG



კანდელაკი: შრომითი მიგრაცია ეკონომიკის გაუმჯობესებით უნდა შემცირდეს

02 სექ 202017:54
3 წუთის საკითხავი
clock 312
29l32k6snrh19um.jpg

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ შრომითი მიგრაცია ეკონომიკის გაუმჯობესებით უნდა შემცირდეს და არა მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვით. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

"გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, რაღაც თხოვნები აქვთ პარტნიორებს, მაგრამ მთავარია ის, რომ ადამიანები ქვეყნიდან მიდიან გაჭირვების გამო. იმისათვის, რომ შრომითი მიგრაცია შემცირდეს, აუცილებელია ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სამუშაო აქ რომ იშოვებოდეს", - ამბობს კანდელაკი.

ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაზე ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუ მოქალაქის ინტერესს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 2 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

"კონკრეტულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველა დოკუმენტი იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომელიც იმ საზღვართან დახვდება, რათა იქ ჩასულს არ მოუწიოს წვალება. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს თავისივე მოქალაქეებს მისცეს მითითება და შეზღუდოს, მათი ნაბიჯები, თუკი ეს მათივე ინტერესის საწინააღმდეგო იქნება", - ამბობს ვოლსკი.

მომავალი წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საზღვარზე უფლება მიეცემა, შენგენის ზონის მიმართულებით მიმავალი მგზავრი არ გაუშვას. ამ შინაარსის კანონპროექტი მესამე მოსმენით, 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, აგრეთვე, უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს.


close დახურვა