logo
ENG



კანდელაკი თურნავას: დისკრიმინაციული კარანტინის გამო, მოქალაქეები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან

18 სექ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 692

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციებისთვის გააკრიტიკა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ხელისუფლების მიერ დაწესებული დისკრიმინაციული კარანტინის გამო, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

"უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ახლა იმყოფება ევროპაში და რომელიც სამწუხაროდ ასევე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიის გამო, ვერ ბრუნდება სამშობლოში ამ დისკრიმინაციული კარანტინის გამო, რომელიც არის ფაქტიურად ბლოკადა. ეს მაშინ, როცა თქვენი მთავრობის მიერ გამოცხადებული უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად შემოდიან, ამავე ქვეყნიდან მომავალი ჩვენი თანამოქალაქეები კი უნდა ჩავაყუდოთ კარანტინში. რა ლოგიკაა ამაში?", - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატმა ფრენების შეზღუდვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებებით ადამიანები შიმშილის წინაშე დააყენა.

"ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ 28 ივლისს განაცხადა, რომ საზღვრების გახსნა უსაფრთხო ქვეყნებთან არ გამოიწვევდა ეპიდსიტუაციის გაუარესებას. თუ მას ეთანხმებით, მაშინ რატომ ეუბნებით მაგალითად Wizz air-ს უარს რეგულარული ფრენების აღდგენაზე უსაფრთხო ქვეყნებთან. არ მითხრათ, რომ რიგაში კვირაში ერთი რეისი ფრენების აღდგენას ნიშნავს. ამ ავიაკომპანიისთვის უარის თქმამ შიმშილის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი ქუთაისში, წყალტუბოში, ასევე გიდები, რესტორნები და ასე შემდეგ. ლატვიიდან დაინიშნა ვიზ ეარის ახალი რეისები სულ ერთი კვირის წინ, ლატვიის მთავრობაში იდიოტები არიან და მარტო თქვენ ხართ ჭკვიანები?!", - მიმართა კანდელაკმა თურნავას.

მან ასევე მინისტრს ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს საზღვრების არ გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვთ.

"რატომ არ შეგყავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში მაგალითად საბერძნეთი, რომელსაც ზუსტად 5-ჯერ უკეთესი სტატისტიკა აქვს, ვიდრე საფრანგეთს. იმიტომ ხომ არა, რომ საბერძნეთში ცხოვრობს ათეულობით ათასი, შეიძლება უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ახლა მოუნდეს სამშობლოში დაბრუნება. რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელიც თავის დროზე ქვეყნიდან წავიდა თქვენს მიერ გაუარესებული მდგომარეობის გამო", - მიმართა დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს.

დისკრიმინაციულ კარანტინზე კანდელაკის განცხადებას ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა. ნათია თურნავას განმარტებით, ცხოელი ტურისტების მონიტორინგი, ინფიცირების შემთხვევაში, უფრო მარტივია. შესაბამისად, მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ უწევთ მათ საზღვარზე შემოსვლისას სავალდებულო კარანტინი.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესითაა დაბარებული.


close დახურვა