logo

კაპანაძე: ევროპული საქართველო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია

clock 8 clock 153 clock 17 ოქტ 202017:59
კაპანაძე: ევროპული საქართველო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია.

როგორც კაპანაძე ამბობს, არჩევნები 31 ოქტომბერს იმ წესების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებობს.

"სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას უნდა გარდამტეხი ცვლილებები. რა თქმა უნდა, კორონავირუსი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთვარობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამიტომ ამ არჩევნებზე უნდა მივიდეთ იმ მოთხოვნების მაქსიმალური მაქსიმალური დაცვით, რომლებიც არის დაწესებული. ეს მთავრობა და ივანიშვილი უნდა გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული კოვიდით, გაგრძელებუილი ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით, დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც ზოგადად აღმოვჩნდით.

ამიტომ, ჩვენ ვართ პირიქით, გადადების კატეგორიული წინააღმდეგი. ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში, ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ და მერე ვიაროთ წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი",- ამბობს კაპანაძე.

არჩევნების გადადების შესახებ ლაპარაკი ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 

არჩევნების გადადების შესახებ ილაპარაკა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიამ თავის განცხადებაში თქვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა არჩევნები გადადეს მარტისა და აპრილის თვეებამდე, ვინაიდან შემოღებული აკრძალვების ფონზე კამპანიების სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო. ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ლომჯარიას თქმით იქ, სადაც ჩატარდა არჩევნები, შემოღებული უსაფრთხოების რეგულაციები, თუმცა, არსებობდა ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალება - ელექტრონული წესი. 

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ წუხილის საგანია ის, რომ მოქალაქეებმა შეიძლება უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი თუ ოჯახების წევრების ჯანმრთელობის გამო, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ცალკეული ფენების საარჩევნო უფლების შეზღუდვის და, შესაბამისად, მათი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს ქმნის. 

ომბუდსმენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

NCDC-ის ცნობით, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ჯამში საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 16 285 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 128 გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა