logo
ENG



კაპანაძე სააკაშვილზე: მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა

20 სექ 202023:55
3 წუთის საკითხავი
clock 942
კაპანაძე სააკაშვილზე: მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა. ასე ეხმაურება კაპანაძე სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარტიულ კოალიციას არ ხედავს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ არჩევანი მასსა და ივანიშვილს შორის არის, რაც, კაპანაძის თქმით, ტყუილია.

"1. არჩევანი არ არის მიშას და ბიძინას შორის. ეს არის ჩაკეტილი წრე და ბიძინას და მიშას აწყობს მხოლოდ ეს. ორივეს თავისი პირადი ძალაუფლებისთვის უნდა. როგორც არასდროს, ისე დაემგვანენ ერთმანეთს.

2. მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა. თუ ხელისუფლებაში მარტო თვითონ ვერ დაბრუნდება, სულაც არ აინტერესებს ბიძინას დამარცხება. მისი ყველა ნაბიჯი ამაზე მეტყველებს (ჩვენთვის მოღალატეების ძახილი, გიგიზე ეჭვიანობა, როცა ციხეში იჯდა, დავბრუნდების ძახილი, მაჟორიტარების ჩაშლა, პრემიერად თავისი თავის დასახელება, ოპოზიციური ერთობის დაშლა, მანამდე პროპორციულის კრიტიკა, ვაშაძის მოშორება და ა.შ.)

3. ეს არის წარსულის შემოტენვა ჩვენთვის. ისევ არჩევანი ორ ინდივიდს შორის. არადა კატეგორიულად არ დგას ასე საკითხი. არჩევანი არის წარსულის პოლიტიკას, რომელიც ინდივიდების ეგოს ეფუძნება და გარდამტეხ ცვლილებებს შორის, რომელსაც ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოყვეს. ანდა, უბრალოდ დავიღუპებით.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ოპოზიციაში გაშვება.

და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიშა არ გახდეს პრემიერი და არ ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება", - წერს კაპანაძე.

მიხეილ სააკაშვილმა კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა, რომ "საერთოდ არ ხედავს პარტიულ კოალიციას და საერთოდ არ სჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების".


close დახურვა