logo
ENG



კარგია, რომ ხელისუფლების ტონმა დაიწია - მოლაპარაკებების მე-5 რაუნდამდე ერთი დღე დარჩა

06 მარ 202010:01
3 წუთის საკითხავი
clock 357

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდამდე ერთი დღე დარჩა. გაერთიანებული ოპოზიცია დათმობაზე წასვლას კვლავ არ აპირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავრობის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემა 110/40-ზე, კვლავ მიუღებელია.

მმართველი გუნდის ოპონენტები "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას შესთავაზებენ.

"კარგია, რომ ხელისუფლების ტონმა დაიწია და რადიკალობამ დაიწია. ვფიქრობ, რომ ამას უნდა მოჰყვეს ადეკვატური შეთავაზება ოპოზიციისთვის. პოლიტპატიმრებმაც კარგი განცხადებები გააკეთეს და ამით გახსნეს შესაძლებლობა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისთვის. ოპოზიცია ვერ დათანხმდება 110/40-ზე სისტემას. ჩვენ მანდატებით არ ვვაჭრობთ“, - განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან დიალოგის სურვილს ვერ ხედავს.  

"დოკუმენტი უნდა იყოს და ფურცელზე უნდა იყოს გადატანილი ის მოსაზრება, რასაც საზოგადოებას ვთავაზობთ. რაც შეეხება დიალოგს, ვერ ვხედავ ამ დიალოგის სურვილს, იმ პარტიებში, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ტრიალებენ სატელიტებად. ვერ ვხედავ რადგან დესტრუქცია ყოველთვის იყო მათი მთავარი მიზანი და სტრატეგიული ამოცანა. თუ ეს შეიცვლება რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები და ვიტყვი, რომ პროგნოზებში შევცდი", - აღნიშნა ვოლსკიმ. 


close დახურვა