logo
ENG



კარპენტერი საქართველოზე: ვხედავთ ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე

29 ივლ 202017:40
3 წუთის საკითხავი
clock 702

"პენ-ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი და თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ ოლიგარქიულ გავლენებზე საუბრობს.

მისი თქმით, ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც "სწორი მიმართულებით ვითარდებიან". ამასთან, კარპენტერი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიზებულად გამოიყურება.

"ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც - ყველა სხვამ. არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე", - ამბობს კარპენტერი.

ის აღნიშნავს, რომ აშშ-ს დახმარების 15%-ის შეკავება  არსებულ შეშფოთებას უკავშირდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კანონმდებლები საქართველოს მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი.

"ვფიქრობ, მთლიანობაში, თუკი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს თუ სხვა კონგრესმენებს გამოკითხავთ, მათი უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიად მიიჩნევს. მათ აქვთ ოპტიმიზმის მიზეზი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა წინ წავა ამ რთულ დროსაც კი რუსეთთან და მის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებული გამოწვევების, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიისა თუ ეკონომიკური რეცესიის პირობებში", - განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, საქართველო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას სწორედ იმიტომ იღებდა, რომ იმედს აჩენდა და დემოკრატიის განვითარების კუთხით გამუდმებით წინ მიდიოდა.

"ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ეს გრძელდება. თუ ეს ასე მოხდება, ურთიერთობაც განაგრძობს აყვავებას. ვიმედოვნებ, შევძლებთ პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით, სადაც კვლავ გრძელი გზა გვაქვს", - ამბობს კარპენტერი და იმედს გამოთქვამს, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ და შემდეგ უკვე კანონად ქცეულ დოკუმენტში ახლა არსებული ფორმულირება შენარჩუნდება.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების და ეკონომიკის გამჭვირვალობის კუთხით ქვეყანაზე დაკვირვება გაგრძელდება.

"უნდა ვნახოთ, რომ ის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ან ოპოზიცია წუხს, არის აღქმული და მათ გამოსასწორებლად არის ძალისხმევა და რეფორმები", - განაცხადა კარპენტერმა.

ცნობისთვის, 224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით - 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.


close დახურვა