logo
ENG



კახიძე შაქარაშვილის საქმეზე: ამას იძიებს პროკურატურა, რომელმაც ხორავას საქმე გააყალბა

04 ივლ 202014:36
3 წუთის საკითხავი
clock 579

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ის პროკურატურა ხელმძღვანელობს, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალები გააყალბა. როგორც კახიძე აცხადებს, ეს გარემოებები საზოგადოებაში გამოძიების მიმართ ეჭვებს აჩენს.

კახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება საქმეში იმავე შეცდომებს არ გაიმეორებს, რომლებიც ხორავას საქმის დროს დაუშვა.

„შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელსაც გაყალბებული აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე. არცერთი გამომძიებელი და პროკურორი, რომელიც მაშინ მტკიცებულებებს ანადგურებდა,  დღემდე არ არის დასჯილი. შესაბამისად, ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას და ეს უნდობლობა, რომელსაც ვხედავთ მედიასივრცეში. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს და არ გაიმეორებენ იმას, რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს გააკეთეს და რაც გააფუჭეს“, -აცხადებს ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

საქმის პარალელურად, ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების მიმართ შენიშვნები აქვთ იურისტებს. მათი აზრით, გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიდის და წაყენებული მუხლები უფრო მძიმე უნდა იყოს. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა