logo

კახიძე ხუნდაძის კანონპროექტზე: სამარცხვინო ფურცელი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში

clock 23 მაი 202012:02

საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც მთავრობას, სურვილის და საჭიროების შესაბამისად, შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს. სპეციალისტების მოსაზრებით, კანონი პარლამენტის უფლებამოსილებას ზღუდავს და ანტიკონსტიტუციურია. შესაბამისად, ქართულ ოცნებას, მიღებულ კანონთან დაკავშირებით, თავის მართლება უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით,  მმართველი პარტიის პირობებში კანონი რისკებს შეიცავს და არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ შეიძლება კანონი ბოროტად გამოიყენოს.

„დღევანდელი ხელისუფების პირობებში არ შეიძლება გამორიცხო, რომ მომავალში ბოროტად შეეცდებიან გამოიყენონ ეს კანონი. რეალურ საფრთხეს მოიცავს, რომ უბრალოდ გააუქმონ მთელი რიგი უფლებებით სარგებლობა ადამიანებისთვის, ისე რომ არანაირი დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი ამ გადაწყვეტილებამ არ გაიაროს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ამ კანონის დამტკიცება „ქართული ოცნების“ პირობებში ბუნებრივია. როგორც პარტიის წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, ეს ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი მიზეზია.

„ამის სრულად დელეგირება მთავრობისთვის, ისე რომ საპარლამენტო კონტროლის არანაირი მექანიზმი არ დაუტოვო, არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ეს არის ბუნებრივი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში და ერთ-ერთი მიზეზია, რაც ადასტურებს რომ შემოდგომაზე ამ ხელისუფლების გაშვებ არის ეროვნული ამოცანა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც იზიარებენ. „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონი საქართველოს კონსტიტიტუციას ეწინააღმდეგება და ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს.

„ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც და ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და პრინციპს. იმ ფონზე, რაც ჩვენ დავინახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ შერჩევითად ხდება ამ კანონის გამოყენება. კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც 15 ივლისამდე, არც ერთი დღით და არც ერთი წლით“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სარჩელს, რომელიც ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს, ხელს ეკა ბესელიაც მოაწერს. მისი განცხადებით, პრინციპული მნიშვნეობა აქვს, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებების მთავრობისთვის გადაცემა არ დაუშვას.

„ვარ მომხრე, რომ კონსტიტუციური წინააღმდეგობის გამო სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ პარლამენტმა არ დაუშვას საკუთარი უფლებების გადაცემა მთავრობისთვის, ამიტომაც მეც მოვაწერ ხელს იმ სარჩელს“, - აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. პირველი მოსმენის შემდეგ შესული რედაქტირებით, ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა