logo
ENG



კახიძე - სარალიძის საქმის გამყალბებლები ისევ უწყებებში მუშაობენ, როგორ შეიძლება, ენდო

09 ივლ 202019:02
3 წუთის საკითხავი
clock 560
dpuik8c3cl7ei1s.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას ხორავას ქუჩის ტრაგედია გაიხსენა, რა დროსაც ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს.

როგორც კახიძემ გადაცემაში "კომენტარი" აღნიშნა, შეუძლებელია პროკურატურას და შსს-ს საზოგადოების ნდობა ჰქონდეს, რადგან პირები, რომლებმაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება „ჩაფარცხეს“, დღემდე ამ უწყებებში მუშაობენ.

„ჩვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას რომ ვახსენებთ, ეს უახლოესი ამბავია. ამ საქმეზე რა მოხდა? პირდაპირ გაყალბდა საქმე. ხელი დააფარეს ფიგურანტებს, არ ამოიღეს მტკიცებულებები, გაანადგურეს პირდაპირ მონაცემები, სისხლიანი ტანსაცმელი, დანა... პრაქტიკულად საკვანძო მტკიცებულებები, მათ შორის როგორ დაიგეგმა ერთმანეთთან მიმოწერა... პრაქტიკულად ჩაფარცხეს თავიდან ბოლომდე საქმე. მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში მოგვაყტუა თითქოს დნმ-ის კვალი იყო დანაზე, რაც არ ყოფილა. სარალიძის მკვლელობის გადაბრალება უნდოდათ სხვა ფიგურანტისთვის. ეს როდესაც გამოაშკარავდა და საგამოძიებო კომისიამ დასკვნა დავდეთ, ის პროკურორი, ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა, გადადგა ამ ჩავარდნის გამო.  შეუძლებელია ამ უწყებას ჰქონდეს ნდობა რომელიმე საქმის გამოძიების დროს. უნდობლობა არის გარანტირებული და მათ უდიდეს ტვირთად აწვებათ. ამიტომ არ შეიძლება დისკრედიტირებული პირებისთვის მართლმსაჯულების ჩაბარება. შსს-ში და პროკურატურაში გამოძიებაც არ დაიწყეს მტკიცებულებათა განადგურებაზე და საქმის ჩაფარცხვაზე. ანუ ის პირები, ვინც აყალბებდნენ საქმეს, ისევ იქ მუშაობდნენ, საქმეები აბარიათ და როგორ შეიძლება მათ ენდოთ ვინმე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის 1 დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე - დავით სარალიძე რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის საქმეს - 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა