logo
ENG



კილაძე უნდა მიცავდეს,მაგრამ ამბობს,რომ დასაცავი არ ვარ,ინსტიტუციების იმედი არ მაქვს - შენგელია

13 ივლ 202018:54
3 წუთის საკითხავი
clock 950

"სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ინსტიტუციების იმედი აღარ მაქვს", - ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა. 

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ არც ერთი უწყება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ევალება, შესაბამის რეაგირებას არ ახდენს და ისინი კონსტიტუციას უგულებელყოფენ.  

შენგელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან Facebook-პოსტებზე ცენზურის დაწესების მცდელობა იკვეთება, რის წინააღმდეგაც ის ბრძოლას აპირებს. 

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი სოფო კილაძე, რომელსაც ჩემი  დაცვა ევალება, დღეს მთელი დღის განმვლობაში ამტკიცებდა, რომ მე არ ვარ დასაცავი და თუ თეა წულუკიანი მოვა პარლამენტში, ოპოზიცია იქნება მისგან დასაცავი. მე პირველ რიგში მისი იმედი უნდა მქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ინსტიტუციების იმედი აღარ მაქვს, იმიტომ რომ არც პროკურატურა, არც იუსტიციის სამინისტრო და არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც უნდა ასრულებდეს სასამართლო გადაწყვეტილებას, მას არ ასრულებს და კონსტიტუციას აიგნორებს. ეს წარმოუდგენელია. აკანონებენ ცენზურას Facebook-პოსტებზე. ეს მიუღებელია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქვეყანაში არ დაკანონდეს", - განაცხადა შენგელიამ "ფორმულას" ეთერში. 

შენგელიას მიაჩნია, რომ მის მიმართ დაწყებული კამპანია დედამისის, ია კერზაიას საქმის გაგრძელებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებმა დაუკვეთეს. 

2018 წელს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა იმ საბაბით, რომ დანაშაული არ არსებობდა, რასაც შენგელია დღემდე აპროტესტებს.

ცნობისთვის, დღეს, 13 ივლისს ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურას იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იუსტიციის სამინისტრო მას ამ დრომდე უკანონოდ  უზღუდავს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომას.

შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც დღემდე არ სრულდება.

ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული Facebook პოსტი დაასახელა.  სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა.

 


close დახურვა