logo
ENG



კობაიძე - ამირხანაშვილმა თეთრპერანგიანი პირის ტელეფონით ისარგებლა, თუმცა ეს ფაქტი დამალა

08 ივლ 202018:29
3 წუთის საკითხავი
clock 577

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ თეთრპერანგიანმა პირმა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, გურამ ამირხანაშვილს მობილური ტელეფონი გადასცა.

კობაიძის თქმით, ამირხანაშვილი ამ ადამიანის ტელეფონით დაუკავშირდა მეგობარს, თუმცა ეს ინფორმაცია გამომძიებლებს დაუმალა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, ამ გარემოების დადგენის მიზნით, გურამ ამირხანაშვილი დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარონ.

„საქმის მასალებში ეს პიროვნება საერთო არ ფიგურირებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, დაცვის მხარემ დეტალურად გაშიფრა ეს ურთიერთობა ამირხანაშვილსა და ამ პიროვნებას შორის. ეს უცხო მამაკაცი გური ამირხანაშვილს აძლევს ტელეფონს და სთავაზობს ტელეფონის გამოყენებას. ფაქტიურად გური ამირხანაშვილმა ამ ტელეფონით ისარგებლა. ასევე დასადგენია, ვისთან დარეკა გურიმ, რადგან ფაქტია, რომ ეს მოქმედება დამალა საგამოძიებო ორგანოში. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაქსისტმა დაარეკინა და ამის მეშვეობით მოხდა მის მეგობართან კომუნიკაცია. ესეც გასათვალისწინებელია, რატომ დამალა ეს ფაქტი. ეს პიროვნება, რომელიც ჯერ დაუდგენელია, კადრში ჩანს რომ აძლევს გური ამირხანაშვილს ტელეფონს. ეს დაუდგენელი გარემოებაა და ვფიქრობ, მეხუთედ მოუწევს ამ პიროვნებას საგამოძიებო ორგანოში მისვლა და ჩვენების მიცემა“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ გადაცემა "კომენტარში".

მან ასევე ისაუბრა იმ მიკროავტობუსზე, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და აღნიშნა, რომ ამ ავტომანქანის თბილისში გადაადგილების კადრები აღარ არსებობს, ამიტომ დამატებითი დეტალები დაუდგენელია.

„როდესაც  საგამოძიებო ორგანომ  ვიდეოკადრების ამოღება დაიწყო, მათ მიმართეს მერიის სამსახურს და სთხოვეს მიეწოდებინათ მასალა, თუმცა მიიღეს პასუხი, რომ ხანდაზმულობის გამო არ არსებობს ფირები, რომლებიც თბილისში მოძრაობას ასახავდა. საიდან გაჩნდა ეს მანქანა, მისი მარშრუტი დაუდგენელია და დაცვის მხარეს არანაირი მტკიცებულება არ მოეპოვება ამ მანქანის შესახებ, რომელიც ე.წ. ფურგონის ტიპის არის“, - აღნიშნა კობაიძემ.

მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. ამირხანაშვილი თავის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს პირზე, რომელიც მედიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს. „მთავარის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრი სავარაუდოდ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილი, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწროა“.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა