logo
ENG



კობახიძე თავდასხმის გაშუქებაზე: ზოგიერთი მედიის ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს

21 ოქტ 202018:12
3 წუთის საკითხავი
clock 931

ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის გაშუქება, ზოგიერთ მედიაგამოცემაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

"საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან.

ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა", - თქვა კობახიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. 

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა მედიებს, გათიშონ, ან შეზღუდონ ლაივ სიგნალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ტელევიზიებს სიგნალის ჩახშობით დაემუქრა. 

მისივე თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების ეფექტიანობას. 

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ტერორისტი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ავტომატი და ხელყუმბარა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 

ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ტერორისტი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. 

ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.


close დახურვა