logo
ENG



კობახიძე ძალა ერთობაშიას წევრზე თავდასხმაზე: ოცნების მხარდამჭერზე თავდასხმას მოჰყვა

20 ოქტ 202013:56
3 წუთის საკითხავი
clock 941
plpjipxi60g7xb7.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ბოლნისში, ძალა ერთობაშიას შტაბის წევრზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი ქართული ოცნების მხარდამჭერზე თავდასხმას მოჰყვა.

კობახიძე სამართალდამცავ ორგანოებს ორივე მხარის მიმართ სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც ქართული ოცნების აქტივისტებს თავს დაესხა და ისინიც, ვინც "ამაზე არასწორი პასუხი გასცა".

"გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი. იყო თავდასხმა ქართული ოცნების მხარდამჭერზე, რომელსაც მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ უმსგავსობას მოჰყვა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი უმსგავსობა. სამწუხაროდ, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენ შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვგმობთ.

აუცილებელია ასეთ შემთხვევაში იყოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს არასწორი საქციელი, სამართალდარღვევა და სხვა ტიპის უმსგავსობა, ამ შემთხვევაში ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება.

აქაც ჩვენი მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, არის ის, რომ უნდა იყოს სათანადო რეაგირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების აქტივისტებს, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დაისაჯონ და ვინც ამაზე არასწორი პასუხი გასცა, ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ", - ამბობს კობახიძე.

კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან "ამ პროვოკაციებს სათანადო პოლიტიკური პასუხი ექნება."

"რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად ამ ოლქშია კონცენტრირებული პროვოკაციები და მოვუწოდებ ნაცმოძრაობის შესაბამის აქტივისტებს, კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ პროვოკაციებს ექნება სათანადო პოლიტიკური პასუხი", - თქვა მან.

გუშინ, 19 ოქტომბერს ძალა ერთობაშიას ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლევან მიქელაძეს თავს დაესხნენ. მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე შეეჯახნენ. ინციდენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. 

როგორც თავად მიქელაძე ფორმულასთან საუბარში ამბობს, მას ქართული ოცნების შტაბის წევრები 2 მანქანით აედევნენ. მიქელაძის თქმით, მას დაახლოებით 8-10 პირი აედევნა და მათ 6-ჯერ ესროლეს.


close დახურვა