logo

კომპენსაციები დროულად უნდა გაიცეს-პრემიერი ბიზნესოპერატორებს და შემოსავლების სამსახურს მიმართავს

clock 21 მაი 202011:20

„მოვუწოდებ ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც მოუწია თანამშრომლების დათხოვნა, უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კომპენსაციები დროულად გაიცეს და მოქალაქეები, ვისაც დახმარება ესაჭიროებათ, შეღავათების მიღმა არ აღმოჩნდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის ოდენობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ეს სჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე შემოსავლების სამსახურს მიმართა დაავალა, კომპენსაციების გასაცემად საჭირო მონაცემები უმოკლეს დროში შეაგროვონ.

„მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე და მოქალაქეებმა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ეს დახმარება მიიღონ დროულად. ამ დახმარების ფასი აქვს მაშინ, როდესაც მოქალაქეს ვაძლევთ დროულად“, - განაცხადა გახარიამ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა