logo
ENG



კორძაია: 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არაა შესრულებული, ამაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკისრება

30 ივნ 202007:34
3 წუთის საკითხავი
clock 332

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. სწორედ ამიტომ ოპონენტები 8 მარტს ფასილიტატორ ელჩებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ნახევრად შესრულებულს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ოლიგარქი მმართველი იძულებული გახდება შეთანხმება სრულად შეასრულოს.   

როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, პასუხისმგებლობა 8 მარტის ხელშეკრულების სრულად შესრულებაზე მმართველ გუნდს ეკისრება.

„ქართული ოცნება ყოველჯერზე ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებში ის სათანადო პარტნიორი არ არის. ის არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რასაც მოლაპარაკებისას იღებს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე იძულებული გახდა, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ შეუძლია არ შეასრულოს ვალდებულება, იქ არ ასრულებს ვალდებულებას.  რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, რომ ვალდებულებები ბოლომდე არ არის შესრულებული, ქართულ ოცნებას ეკისრება“, - განაცხადა კორძაიამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. მათი თქმით, ეს რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

თავის მხრივ, კენჭისყრის პარალელურად, რურუა პატიმრობაში დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ არ ჩაეგდო ცვლილება და ამავდროულად, დრო მიეცათ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა ადამ კინზინგერი. კონგრესმენი მხარეებს მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან და 8 მარტის შეთანხმების დარჩენილი ნაწილის აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორები საქართველოს პარლამენტს ცვლილებების მიღებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

 

 


close დახურვა