logo
ENG



ლომჯარია ბაჩალიაშვილის საქმეზე: გენერალურ პროკურორთან პირადად შეხვედრა მსურს

01 სექ 202017:28
3 წუთის საკითხავი
clock 1053

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება და საქმის მასალებს ოჯახის ადვოკატთან ერთად განიხილავს.

ომბუდსმენი ბაჩალიაშვილების ოჯახს დღეს, 1-ელ სექტემბერს, შეხვდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გენერალურ პროკურორთან პირადად შეხვედრა სურს.

"სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმის შესწავლის პროცესში და ადვოკატთან ერთად გავეცნობით საქმის მნიშვნელოვან ნაწილს და იმ გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულ მხარეს აქვს წუხილი. მე ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ პირადად შევხვდე გენერალურ პროკურორს, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და საქმეზე სრულ დაშვებას გვაძლევენ", - ამბობს ლომჯარია.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული გარემოებები, რასაც დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სჭირდება - მაგალითად, მეხსიერების ბარათი, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიებას გადასცა, მაგრამ ის საქმის მასალებში აღარ ფიქსირდება, ასევე გამომძიებლების სავარაუდო განცხადებები ოჯახის წევრებთან:

"არის გარკვეული გარემოებები, რაზეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მხრიდანაც გამახვილდეს ყურადღება. განსაკუთრებით, მეხსიერების ბარათთან დაკავშირებული გარემოება. ოჯახი აცხადებს, რომ მათ გადასცეს მეხსიერების ბარათი გამოძიებას და შემდეგ უკვე, როგორც ვიცით, აღარ ფიქსირდება გამოძიების მასალებში. ასევე გარკვეული ჩვენებები და განცხადებები, სავარაუდოდ, გამომძიებელთა მიერ ოჯახის წევრებთან გაკეთებული, რომლებიც შემდგომ უარყვეს, ამიტომ ამ გარემოებებს, ვფიქრობთ, რომ სჭირდება დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება", - აცხადებს ლომჯარია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა