logo
ENG



მაკა მეშველიანის Op-ed: კვოტა - საშუალება და არა მიზანი

03 ივლ 202018:02
3 წუთის საკითხავი
clock 2307
faaxsdzosj589hx.jpg

 

საარჩევნო გენდერული კვოტა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, წარმოადგენს დროებითი სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ სახეობას. დროებითი სპეციალური მექანიზმები საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის გამყარებული და მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია სხვადასხვა ნიშნით (რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით) არსებული უთანასწორობების აღმოსაფხვრელად. გენდერული თანასწორობაც გამონაკლისს არ წარმოადგენს - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2020 წლის გათვლებით, არსებული ტემპებით რაიმე ცვლილებების გარეშე ქალებსა და კაცებს შორის პოლიტიკაში თანასწორობის მიღწევას 95, ხოლო ეკონომიკურ ცხოვრებაში - 257 წელი დაჭირდება. სწორედ ამიტომ ჩამოვყალიბდი დროებითი სპეციალური მექანიზმების მხურვალე გულშემატივრად - ჩემთვის სრულიად მისაღები და ბუნებრივია, მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის ისტორიის მქონე უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მივმართოთ განსაკუთრებულ ღონისძიებებს, რათა რეალურად თანაბარი შესაძლებლობები შევქმნათ ჩაგრული ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქალებისთვის.

 

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 3 ივლისს დაჩქარებული წესით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან რეგულაციას აწესებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით: სავალდებულო გენდერული კვოტა და ფინანსური წახალისების მექანიზმი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელსაც ,,სტაფილოსა და წკეპლის’’ - ანუ წახალისებისა და დასჯის - პოლიტიკა შეგვიძლია ვუწოდოთ.  2011 წლიდან საქართველო ადგა მხოლოდ ,,სტაფილოს’’ გზას, რომელმაც არ გაამართლა -  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმა დააწესა საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა სახელმწიფო დაფინანსების მქონე იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში დაიცავდნენ გენდერული ბალანსის გარკვეულ პროპორციას. ეს დებულება წარმოადგენდა დროებითი სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ სახეობას და ცვლილებას განიცდიდა ბოლო ათწლეულის მანძილზე. იმ მოტივით, რომ არსებულმა მექანიზმი სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, კიდევ უფრო გაიზარდა დაფინანსების მოცულობა.

სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები სათანადოდ ვერ წახალისდნენ, რადგან დღემდე საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ამას სამი მიზეზი აქვს: პოლიტიკური პარტიები ათეულში ქალებს ყოველთვის სტრატეგიულად არ ანაწილებდნენ, ხდებოდა ხოლმე მათი მე-8-მე-10 ადგილებზე განთავსება და თუ სია გაწყდებოდა, პირობითად, მე-7 ადგილას, გამოდიოდა, რომ შვიდივე გამსვლელი კანდიდატი იყო კაცი; პოლიტიკური პარტიებს შეეძლოთ კვოტა დაეკმაყოფილებინათ და დაფინანსება მიეღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო საპარლამენტო სია ისევ დაუბალანსებლად დაეკომპლექტებინათ; და ბოლოს 2011 წლიდან უმრავლესობაში მყოფ არც ერთ პარტიას არ უსარგებლია ფინანსური წახალისების მექანიზმით - რეალურად ისინი აკომპლექტებდნენ პარლამენტის უმრავლესობას და დიდ გავლენას ახდენდა მათ მიერ წარდგენილი სიები პარლამენტში საბოლოო გენდერულ ბალანსზე.

 2014 წლიდან იყო ,,ჯოხის’’ პოლიტიკაზე გადასვლის არაერთი მცდელობა - სამოქალაქო ორგანიზაციები, ქალთა მოძრაობა და მოქალაქეები ითხოვდნენ სპეციალური მექანიზმის ისეთ სახეს, რომელსაც ექნებოდა სავალდებულო ხასიათი, დაინახეს რა, რომ წახალისების მექანიზმი არაფექტიანი აღმოჩნდა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა რამდენჯერმე დარეგისტრირდა, თუმცა პარლამენტის სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. სავალდებულო გენდერული კვოტის შესახებ ბოლო საკანონმდებლო ცვლილება ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პარალელურად, რაც ირონიულია. ერთის მხრივ, კონსტიტუციამ აღიარა სპეციალური მექანიზმების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან ქალებსა და კაცებს შორის არსებითი თანასწორობის მისაღწევად, მეორე მხრივ კი ამ სპეციალური მექანიზმის ერთ-ერთ ნაირსახეობას იმავე სესიაზე მხარი არ დაუჭირა.

 2020 წელს დაწყებული ,,ჯოხისა და სტაფილოს’’ პოლიტიკა ინარჩუნებს ფინანსური წახალისების მექანიზმს იმ პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი პროპორციული სიას ყოველ სამეულში ერთი განსახვავებული სქესის წარმომადგენლით დააკომპლექტებენ. ამავე დროს შემოაქვს სავალდებულო ნორმა - თუ ოთხეულში ერთი მაინც არ იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, პარტია ვერ გაივლის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ პროპორციულ სიაში ორეულში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. პარტიებს აქვთ არჩევანის თავისუფლება - 1) ისარგებლონ ფინანსური წახალისების უფრო დახვეწილი მექანიზმით, როგორც ადრე, მხოლოდ ერთი ცვლილებით  - არა ათეულში სამი, არამედ სამეულში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი; ან 2) დააკმაყოფილონ მინიმალური სავალდებულო ბალანსი და ყოველ ოთხ კანდიდატში ერთი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ვიხილავთ მინიმუმ 30 ქალს, ანუ მთლიანი პარლამენტის მხოლოდ 20%-ს. ეს პროპორცია შესაძლოა მცირედით გაიზარდოს მაჟორიტარი ქალებისა და იმ პარტიების წყალობით, რომლებიც ფინანსური წახალისების მექანიზმს გამოიყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ,,სტაფილოს’’ პოლიტიკა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ნიშნავს, რომ 2024 წელს იქნება 37 ქალი პარლამენტარი (მთლიანი პარლამენტის 25%) და 2028 წელს სამეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ნიშნავს პარლამენტში ქალთა 33%-იან წარმომადგენლობას. რეალურად 2028 წელს დადგება ის შედეგი, რომელიც არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მინიმალური სტანდარტი - დადგენილი კვლევებით 30 პროცენტია საჭირო ე.წ. კრიტიკული მასის შესაქმნელად, რომ ქალებმა დაიწყონ გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ხშირად ისმის კითხვა, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ კვოტა იმუშავებს ერთადერთი გარანტიაა, სხვა ქვეყნების დაგროვილი გამოცდილების გაცნობა, გაზიარება და პოლიტიკური პარტიების მზაობა, საკუთარ რიგებში ქალები რეალურად გააძლიერონ. მიღებული კვოტა აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით: არის სიაში განსხვავებული სქესის ადგილი ე.წ. ზიპერ სისტემით განაწილებული (არა ათეულში ოთხი, არამედ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესი); შეიცავს მკაცრ სანქციას - რეგისტრაციაზე უარის თქმა - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში; ადგილმონაცვლეობის პრინციპით უზრუნველყოფს არჩევითი ორგანოდან ქალის გასვლის შემთხვევაში მის ჩანაცვლებას იმავე სქესის ადამიანით (იგივე ეხება კაცებს).

თუმცა ეს საკმარისი არ არის - უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პარტიების მხრიდან ნების გამოვლენა, რომ კეთილსინდისიერად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები უკვე იმდენჯერ არიან დატრენინგებული, რომ ბევრი მათგანი იქეთ გადაამზადებს სხვა ქალებს. კვალიფიკაციის პრობლემა ბევრ პარტიაში არ უნდა იდგას. თუმცა რეკრუტმენტის და დაწინაურების, სიების ფორმირების პროცესები დასახვეწია, რომელიც ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს მოიზიდონ კვალიფიციური კადრები ასეთის ნაკლებობის შემთხვევაში ან გადაამზადონ არსებული რესურსი. გადამზადების დამატებით შესაძლებლობას გვთავაზობს ის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რასაც  ითვალისწინებს ფინანსური წახალისების მექანიზმი - უფრო მეტიც, კანონის ახალი რედაქცია პარტიებს ავალდებულებს აღნიშნული რესურსი სწორედ პარტიის სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის საქმიანობას მოხმარდეს. ასევე თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადაა საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების არმია, რომლებიც უკვე ათეული წლებია აძლიერებენ ქალებს როგორც პარტიებს შიგნით, ასევე მის მიღმა.

პარტიებს, ცხადია, რჩებათ შესაძლებლობა, რეგულაციით მანიპულაცია მოახდინონ და კვალიფიკაციით არ იხელმძღვანელონ ქალი კანდიდატების შერჩევისას, როგორც ხშირად იქცევიან კაცი კანდიდატების შემთხვევაში. ეს შეიძლება გახდეს ნიშნის მოგებით საუბრის საფუძველი და აქვე ვიტყვი, ეს შედეგი ნამდვილად არ გვინდა კვოტის მომხრეებს. ამიტომ მნიშნელოვანია, რომ დროებითი სპეციალური მექანიზმის ეს მოდელი დროში განგრძობადად არსებობდეს, რათა ამუშავდეს. თანაც 30 წელი გავატარეთ ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობით და ბევრი არ არის მოხიბლული არსებული პოლიტიკური გარემოს სიჯანსაღით. იქნებ კვოტა და თანმდევი ქალებიც იმსახურებენ შანსს, 30 წლიანს თუ არა, 12 წლიანს მაინც?!

 


close დახურვა