logo

მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ საკარანტინე ზონად შესაძლოა ნინოწმინდა და ახალქალაქი გამოცხადდეს

clock 25 მარ 202020:40

ინფორმაციისა და სააფთიაქო საშუალებების დეფიციტს განიცდიან სამცხე ჯავახეთში. რეგიონში, სადაც ხუთი საკარანტინო ზონაა განთავსებული და თვითიზოლაციაში 700 -ზე მეტი პირია. რამდენიმე დღის წინ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გადაიყვანეს ის 500 მგზავრიც, რომელიც სომხეთიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა.

მათგან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ვირუსისგან დასაცავად აუცილებელი რეკომენდაციები მხოლოდ ტელევიზიით გაიგეს, ხალხმრავლობას სწორედ ამის შემდეგ ერიდებიან, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ რეგიონშიც მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები მუშაობს, სადაც მოსახლეობას უკვე გაზრდილი ფასები დახვდა.

საკარანტინე ზონად მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ შესაძლოა ნინოწმინდა და ახალქალაქი გამოცხადდეს. უკვე ათი დღეა რაიონში სომხეთიდან 500-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა. თვითიზოლაცია მათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით სთხოვეს. საკარანტინო ზონებში დანაწილება კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ ამიტომ, საკარანტინო ზონაში გადაყვანა აუცილებელი არ გამხდარა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის მელიქ რაისიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ზომები დაგვიანებით მიიღო.

სამცხე- ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სომხურ ენაზე საინფორმაციო მასალა დაარიგეს და კორონავირუსისაგან თავის დასაცავად რეკომენდაციები მისცეს თუმცა ადგილობრივები ამბობენ რომ საინფორმაციო მასალა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან არ მიუღიათ და ვირუსის შესახებ მათ 8ნფორმაცია ტელევიზიიდან აქვთ რასაც, მათივე თქმით ითვალისწინებენ.

სამცხე_ჯავახეთში დაკეტილია ყველა ობიექტი გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროდუქტზე ფასები მომატებულია, პირბადეების დეფიციტია აფთიაქებში. 

სამცხე_ჯავახეთში სულ ხუთი საკარანტინე ზონაა, აქედან სამი ბაკურიანში, ერთი ახალციხეში და ერთი ადიგენში. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, გამოსაკვლევად ამ დრომდე კარანტინში მყოფი 10 პირის მასალა გადაიგზავნა. დაავადება არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

რეგიონში თვითიზოლაციაში 713 პირი რჩება, 409 კი კარანტინშია.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა