logo

მარნეულის მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა სასმელი წყლის და საკვები პროდუქტების გარეშე დარჩეს

clock 26 მარტი 2020 20:12

მარნეულში სწრაფი ტესტირება დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება. დიაგნოსტიკის მსურველი კი ბევრია, მათ შორის მედპერსონალი და მოსახლეობა. ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს საველე ჰოსპიტალთან ცოცხალი რიგების არსებობას. მთავრობამ კი ამ დრომდე ვერ გადაჭრა ადგილობრივების უმთავრესი პრობლემა, მარნეულში წყალი ისევ არ არის. 

ოთხდღიანი კარანტანის შემდეგ მარნეულის მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა სასმელი წყლის და საკვები პროდუქტების გარეშე დარჩეს. მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალი კვირაში ორჯერ მიეწოდება, ნაწილს კი დღეში რამდენიმე საათით. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მაღაზიებში სასურსათო პროდუქტის შემცირება. ამბობენ, რომ კარანტინის გამო დისტრიბუტორთა ნაწილი ტერიტორიაზე შესვლას და მაღაზიების მომარაგებას ვერ ახერხებს. მაღაზიებში დარჩენილ პროდუქტებზე კი ფასები უკვე გაზრდილია.   

ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრობლემები არ შეიქმნება. მათ შორის - არც სამედიცინო კუთხით. 

საკარანტინო ზონაში მოქცეულ ორივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქუჩების დეზინფექცია, პრიორიტეტი ის უბანია, სადაც პირველი ინფიცირებული ქალი ცხოვრობდა. შიდა სამუშაოების პარალელურად, შეფერხებულია ავტომობილების დეზინფექცია მარნეულის მისადგომებთან. 

ქალაქის შესასვლელში  დეზინფექციის ჩატარებას რამდენიმე ავტომობილიც ელოდება, მათ შორის „არემჯი გოლდის“ მასალებით დატვირთული ტექნიკა.  მიუხედავად იმისა, რომ „არემჯი გოლდი“ ეპიდ ზონაშია სახელმწიფომ მათ სამუშაო პროცესის გაგრძელების ნებართვა მისცა. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან, სადაც სპეციალური ბლოკპოსტია მოწყობილი ვითარება ამ დრომდე უცვლელია. ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ ექიმებს, სადისტრიბუციო ავტომობილის წარმომადგენლებს და სატრანზიტო ავტომობილებს აქვთ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა