logo
ENG



მასწავლებლის ინფიცირების მიუხედავად, სადახლოს #2 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა

17 ოქტ 202012:21
3 წუთის საკითხავი
clock 413
4c7hsfxg9lmes38.jpg

მარნეულის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, ადილ შარიფოვი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გამოვლენის მიუხედავად, მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა, ნათია მანიამ Facebook-ზე დაწერა, რომ სიმპტომები გამოუვლინდა იმ დღეს, როცა გაკვეთილებს ატარებდა. მიუხედავად ამისა, როგორც გაირკვა, სკოლა მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძნობს. 

"ერთადერთი მასწავლებელი გადავიდა თვითიზოლაციაში და ისიც საკუთარი ნებით", - დაწერა მანიამ. მისივე თქმით, რესურსცენტრიდან მას არავინ შეხმიანებია. 

"რესურსცენტრის უფროსი ტელეფონს არ იღებს. თანამშრომელს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ დამირეკონ პასუხისმგებელმა პირებმა და სრულ ინფორმაციას მივაწვდი. და არ მირეკავენ". - ამბობს მასწავლებელი. 

ასევე, როგორც მანია წერს: 

"საიდუმლოდ მითხრეს, რომ ჩემამდე სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი დადიოდა გაციების აშკარა ნიშნებით და ამას მალავდნენ.ვფიქრობ, ჩემი სკოლის მასწავლებლებს მაინც უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება". 

სადახლოს მე-2 სკოლის დირექტორმა ფორმულას უთხრა, დაინფიცირებულ მასწავლებელს მხოლოდ ერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ამ პირს უკვე ჩაუტარდა ტესტი და გადაყვანილია თვითიზოლაციაში. შესაბამისად, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ ყოფილა. 

„ნათიამ პირადად მითხრა, რომ კონტაქტი არავისთან ჰქონია. მხოლოდ ერთ მასწავლებელს მიესალმა დილას, როცა სკოლაში მოვიდა. ის ადამიანი მე არ შემოვუშვი შენობაში, გავაგზავნე შემოწმებაზე. როგორი იქნება პასუხი, პირადად შეგატყობინებთ". - ამბობს დირექტორი. 

თუმცა, ნათია მანია ამბობს, რომ მას კონტაქტი მთელ სამასწავლებლოსთან ჰქონდა. 

ასევე, ირკვევა, რომ დეზინფექციისთვის შესაბამისი სამსახურები სკოლაში არ მოსულან. აღნიშნულს თავად სკოლის დირექტორი ადილ შარიფოვი "ფორმულასთან" ადასტურებს.

"ადრე გააკეთეს დეზინფექცია და ახლა ჩვენ ვასუფთავებთ. სკოლა მთლიანად დეზინფიცირებულია. ყველაფერი კარგადაა",- თქვა შარიფოვმა. 

დეტალების დასაზუსტებლად "ფორმულა" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 


close დახურვა