logo
ENG



მდინარაძე: შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, მას ხელს ოპოზიციაც მოაწერს

14 სექ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 601

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელსაც ხელს ოპოზიციაც მოაწერს. 

მდინარაძის თქმით, ქცევის კოდექსის შემუშავებაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა - შვეიცარიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტმა. 

"ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდწილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმასა და მასზე რეაგირებას. პოლიტიკური გაერთიანება 'ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო' უერთდება წინამდებარე დოკუმენტს", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ქცევის კოდექსში გაწერილი პუნქტები რეალურ ცხოვრებაში აღსრულდეს, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 მაისს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ფეისბუქ-გვერდები წაშალა. 

გარდა ამისა, კოკა ყანდიაშვილი, მისი სააგენტო „ეSპერსონა“ და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ჯგუფები ფეისბუქიდან მას შემდეგ გაქრა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლიანმა არჩევნებმა ათობით ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედია გვერდების ქსელი გამოავლინა.

გააუქმეს ან თავი გაიუქმეს არაავთენტური ფეისბუქპროფილების ავტორებმა. ასევე ჯგუფებმა, რომელიც ქართული ოცნების სასარგებლო კონტენტთან ერთად პრორუსულ და დეზინფორმაციულ ნარატივს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. აღარ იძებნება გვერდები, რომლებიც თავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედიებად ასაღებდნენ, სინამდვილეში კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს წინასაარჩევნოდ ანტიოპოზიციურ გზავნილებს აქტიურად აწვდიდნენ. 

 


close დახურვა