logo

მერვე დღეა, რაც ვშიმშილობ კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით - აჭარის ტელევიზიასთან აქცია გრძელდება

clock 05 ივნ 202011:58

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში საკადრო წმენდა გრძელდება. შორენა ღლონტი, რომელიც 3 თვის წინ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვებ-გვერდის კონსულტანტად დანიშნეს, დღეს  გათავისუფლებულია.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კი უკვე მე-8 დღეა არასამთავრობო ორგანიზაცია, "მე მიყვარს ბათუმის" წევრი შიმშილობს. მისი თქმით, მაუწყებლობის დირექტორის ბრალდებები მისი მისამართით უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია მილორავას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირზე.

"მერვე დღეა, რაც ვშიმშილობ კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით. დაიძრა უკვე საკითხი ბორდის ორი წევრისგან მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხზე. ეს არის კოხრეიძის მხრიდან უნამუსობა, რადგან მე არც ერთ პარტიასთან არ გამაჩნია კავშირი. გარდა იმისა, რომ მოდიან კერძო ადამიანები და მიცხადებენ სოლიდარობას. ჩემი აზრები მათთვის მისაღებია და ჩემს მოთხოვნებსაც იზიარებენ. კოხრეიძე კი ჩამდგარია თავდაცვის პრინციპში და ცდილობს ლაქა მომცხოს მეც",-აცხადებს ალექსადნრე მილორავა. 

მაუწყებლობის თანამშრომელთა თქმით, მილორავას მიმართ ბრალდებები ნამდვილად არაა სამართლიანი და მსგავსი ბრალდებები ყველა იმ ჟურნალისტზე ვრცელდება, ვინც კოხრეიძის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებეს. 

"საქმე იქამდე მივიდა ორმა ადამიანმა გადაწყვიტა თავი გაეწირა ამ პროცესის შესაჩერებლად. მოგეხსენებათ, მილორავა უკვე მერვე დღეა შიმშილობს და ძალიან უხერხულია მისთვის იარლიყების მიკერება. სხვა არაფერი დარჩენიათ, რადგან ჩვენი დისკრედიტაცია სხვადასხვა გზით სცადეს, ერთ-ერთი ესეც იყო. თუმცა, საზოგადოება ხედავდა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები არ გაგვკარებიან, რადგან აღნიშნულით შესაძლოა დირექციას ესარგებლა",-აცხადებს მაია მერკვილაძე.

ტელევიზიაში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა. ადმინისტრაციის წევრები განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, ვინც გათავისუფლებული ჟურნალისტების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამენ, კანონს არღვევევნ. 

"ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა თუ აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლობის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონითაა აკრძალული. საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ეს პირები ახორციელებენ პოლიტიკურ შეკვეთებს. გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც. ამ პიროვენებების პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით, მათ შორის აქციის მონაწილე ორი პირი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, აქვთ პოლიტიკური განცხადებები გაკეთებული და შემოწირულობები პარტიისთვის. რაც მთავარია ისინი ახორციელებენ პოლიტიკურ წეზოლას მაუწყებელზე",-აცხადებს ემზარ პაქსაძე.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა