logo
ENG



მნიშვნელოვანი პრეცედენტი: აუტიზმის მქონე ლუკა ფსიქიატრიულ კლინიკას მალე დატოვებს

29 სექ 202017:58
3 წუთის საკითხავი
clock 1234
4eyuq5qzvj5lr95.jpg

მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე 14 წლის ლუკა ღარიბაშვილმა შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არარსებობის გამო 1 თვე ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სამედიცინო დიაგნოზი სპეციალურ თერაპიულ დახმარებას საჭიროებდა, ლუკას და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფომ არასრულწლოვნის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იზოლირება გადაწყვიტა. 

"გარდატეხის ასაკმა მოიტანა მისი ქცევის იმდენად ძლიერი გართულება, რომ ქცევის სირთულესთან ერთად, წამოვიდა აგრესია. ჰქონდა ისეთი სიმპტომები როგორებიცაა: გულის აჩქარება, ოფლიანობა, კანკალებდა მთელი სხეულით. სერიოზულად შემეშინდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაღაც არ მოსვლოდა და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო", - ყვება ნინო მხეიძე, ლუკას დედა "შაბათის ფორმულასთან". 

მისი თქმით, ბავშვის გადაყვანა ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნითაც გახდა აუცილებელი. ბავშვს გარდატეხის ასაკთან ერთად ახალი გამოწვევები დაუდგა, რომელსაც დედა დახმარების გარეშე ვეღარ უმკლავდებოდა. ლუკას აგრესიული ქცევა საფრთხეს უქმნიდა მის უმცროს დასაც. 

ფსიქიატრიულში გადაყვანის შემდეგ ნინო ლუკას ყოველდღე აკითხავდა, რადგან სამედიცინო პერსონალის ცნობით, ბავშვი დედის გარეშე არც ჭამდა და არც მითითებებს ემორჩილებოდა. 

"როდესაც მოვდივარ მეკითხება: დედა მოხვალ მალე? 

"კი" - ვეუბნები". 

სახელმწიფოს მხრიდან საკითხის არაჰუმანურად გადაწყვეტის შემდეგ ნინომ სასამართლოს მიმართა. ოჯახს სამართლებრივი დახმარება ორგანიზაციამ "PHR"-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) გაუწია. 

"სასამართლოს მივმართეთ და ვუთხარით, რომ ბავშვი ფსიქიატრიულიდან რომ გამოსულიყო, დედას თერაპიული კომპეტენციის მქონე ორი ადამიანი მაინც უნდა დახმარებოდა, სხვანაირად ბავშვის გამოყვანა საფრთხისშემცველი იყო", - აცხადებს იურისტი ანა არგანაშვილი

იურისტის თქმით, სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ოჯახის საჩივარი 24 საათში დააკმაყოფილა. 

"სასამართლო დაგვეთანხმა. საქმე 24 საათში განიხილეს და თქვეს, რომ სახელმწიფო სერვისების არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფომ დღეში 12 საათის განმავლობაში ბავშვისთვის თერაპიული კომპეტენციის მქონე ორი პირის დახმარება უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან სხვა ბავშვების შემთხვევაში დახმარება დღეში 1 საათს მოიცავს", - ამბობს არგანაშვილი

სასამართლოს გადაწყვეტილება სასწრაფო წესით უნდა აღსრულდეს, აღსრულება კი ტრეფიკინგის ფონდს ევალება. 

ლუკას დედა კი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო სპეციალური, ალტერნატიული სივრცეების შექმნაზე იზრუნებს, რათა, ლუკას მსგავსად, სხვა მოზარდებსაც იმავე სირთულეების გავლა არ მოუწიოთ. 

"თხოვნა იქნება და არა მოთხოვნა, რომ შეიქმნას ალტერნატიული სივრცე, სადაც არა მარტო ლუკა, არამედ, მისი დიაგნოზის მქონე სხვა მოზარდები შესაბამის სერვისს მიიღებენ", - ამბობს ის.  

ლუკა ფსიქიატრიულ განყოფილებას უახლოეს დღეებში დატოვებს, მშობლის ძალისხმევით შექმნილი პრეცედენტი კი იმედია იმავე გამოწვევის მქონე მრავალი მოქალაქისთვის. 


close დახურვა