logo
ENG



მორაგბეების ადვოკატი: რაიმე დანაშაულში მონაწილეობას ისინი არ ადასტურებენ

27 ივნ 202012:36
3 წუთის საკითხავი
clock 906

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში მონაწილე მორაგბეების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი გამორიცხავენ, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომებს რკინის ნივთები ჰქონდათ.

„მონაწილეობას რაიმე დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ისინი არ ეთანხმებიან. ამირხანაშვილმა პირველი ჩვენებისას, თუ სწორად ვიცი, უარყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან რაიმე სახის დაპირისპირება. ასევე უარყო, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“, - განაცხადა მახარაძისა და გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.  

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩართო. როგორც ექსპერტმა განაცხადა, შაქარაშვილი ბლაგვი საგნით არის დაჭრილი. მისივე თქმით, გასარკვევია, მან ეს დაზიანებები მიიღო სიკვდილამდე, თუ სიკვდილის შემდეგ.

ცნობილია, რომ 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა. მონაწილეობდა თუ არა დაპირისპირებაში უშუალოდ შაქარაშვილი, ამ დრომდე უცნობია. 

ამის შემდეგ რამდენიმე პირმა დაბადების დღის წვეულება დატოვა და ავტომაგისტრალზე გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.

23 ივნისს შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები. მორაგბეების ადვოკატის ინფორმაციით, სპორტსმენები დღეს დააკავეს, თუმცა რა  მუხლით, უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. საუბარია არჩილ გაგნიძეზე და ვასილ მახარაძეზე. სწორედ ეს სპორტსმენები გადაადგილდებოდნენ „ტოიოტა კამრის“ ავტომობილით. მათ ჩამოიყვანეს, შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი თბილისში. სპორტსმენები დიღმის სამმართველოში იმყოფებიან. 


close დახურვა