logo
ENG



ნიკოლაძე: არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, ტელეშოუების დასადგმელად დაკითხეს

09 ივლ 202010:54
3 წუთის საკითხავი
clock 4458

გიორგი შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე გავრცელებულ ვიდეომასალაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს“ არსებობას უარყოფს. ნიკოლაძე იმ ვერსიასაც არ ეთანხმება, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში მიკროავტობუსში იყო.

მისი ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც  ვიდეოკადრებში ფიგურირებს, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია. 

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, რა კავშირი აქვს რომ საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები. როდესაც გავლენ ბოლოში, გააკეთებენ იმედია განცხადებას. თუ ამბობენ კაწროაო, თავიც და ბოლოც ამ საქმეში უნდა დაკითხო, აბა რა უნდა ქნა, მერე გეტყვიან რომ ხელს აფარებ“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.

მოგვიანებით ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მან უწყება დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ბილანიშვილის ალიბი ჰქონდა და მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-მ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.  

ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმა დიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა