logo

ნუ ველით პოლიტიკურ საკითხებზე ელჩებისგან იმ პასუხს, რაც გვაინტერესებს - დავით უსუფაშვილი

clock 29 ივნ 202022:18

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არასწორია ელჩებისგან პოლიტიკური განცხადებების მოლოდინი და მათი კუთხეში მიმწყვდევა.

როგორც დავით უსუფაშვილმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ელჩები დიპლომატიურ ენაზე აფიქსირებენ საკუთარ აზრს და სწორედ ამის გამოძახილი იყო საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კონკრეტული პიროვნებების გათავისუფლებისკენ.

„საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს ეტიკეტი, რომლის დაცვას ყველა ელჩი ცდილობს. როცა კუთხეში მიაყენებ ვიღაცას, ის დიპლომატიურად ამბობს იმას, რაც თქვა. ნუ გვავიწყდება, რომ ელჩები თავიანთ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. საქართველოს ელჩს სადმე რომ კორუფციაში დასდონ ბრალი, საქართველოა შეურაცხყოფილი. ქვეყნების პოლიტიკაც განსხვავებულია.

გერმანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ნაკლები ენთუზიაზმით გამოირჩევა. წინააღმდეგი კი არაა, მაგრამ ენთუზიაზმი ნაკლები აქვს, ვიდრე აშშ-ს. ამის გამო გერმანია საქართველოს ქვეყანა აღარ არის ან გერმანიის ელჩი რაღაცას არასწორად აკეთებს - ეს არასწორია. ამას წინ უძღოდა რა - ხელისუფლებამ მოიხმო ელჩები, როგორ იყო და რა იყო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შეთანხმების ნაწილი იყო ეს გვარები. ნუ ველით ამ ტიპის საკითხებზე ელჩებისგან იმ პასუხს, რაც გვაინტერესებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა.

აღნიშნულს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დიპლომატს "ქართული ოცნების" ლობისტი უწოდა, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კი, განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, გერმანიას საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყოლოდა. ჰუბერტ ქნირშის განცხადება უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

ამის შემდეგ ელჩის კრიტიკას მმართველი პარტია გამოეხმაურა და დიპლომატს ბოდიში მოუხადა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა