logo
ENG



ოცნება პროპორციულში თუ დამარცხდა, მათი მაჟორიტარები ოპოზიციისკენ გადმოვლენ - სამადაშვილი

29 ივლ 202014:18
3 წუთის საკითხავი
clock 389
nyjdkobabhunwas.jpg

"ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უნდა გადაიტეხოს პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარებში თუ ვინმე გავა ოცნებიდან და მოიგებს, მერე ისიც შენს მხარეს გადმოვა არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ. ასეთი არის ისტორია ჩვენი ქვეყნის", - განაცხადა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გადაცემა "ღამის მთავარზე" ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრისას. 

სამადაშვილი აცხადებს, რომ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხი არ არის და მხოლოდ რამდენიმე პარტიის, მათ შორის, ევროპული საქართველოს ვიწრო ინტერესის საგანია. 

"პირდაპირ გეტყვით მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რომ მიჩნდება განცდა, რომ რომელიღაც პარტიებისთვის, მათ შორის, ევსაქებისთვის რატომღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომელიღაც რეგიონში საკუთარი კანდიდატის დაყენება და ამას აქცევენ რაღაც საერთო ეროვნული მნიშვნელობის საგნად და არ არის ეს ასე", - განაცხადა სამადაშვილმა. 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. მისი თქმით, მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა და ეს პროპორციულ არჩევნებში გამარჯვებით არის შესაძლებელი. 

"ნუ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ერთ და ორ ოლქზე გადის არჩევნების მომავალი და ბედი. ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უნდა გადაიტეხოს პროპორციულ არჩევნებში", - განაცხადა სამადაშვილმა. 

ერთიან ოპოზიციურ მაჟორიტარ კანდიდატებზე დისკუსია 27 ივლისს ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაახლა. მან განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატების დაყენება. მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალერულად დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. 

გუშინ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მაჟორიტარების გადანაწილების ორი სქემა გაასაჯაროვა, რომელსაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ენმ-ს სთავაზობენ. ბოკერიას თქმით, ოპოზიციური პარტიები მზად იყვნენ დიდი ქალაქები ენმ-სთვის დაეთმოთ, ხოლო სანაცვლოდ დანარჩენ ოლქებში ნაციონალურ მოძრაობას სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვის უნდა დაეჭირა მხარი. ბოკერიას თქმით, შეთავაზება რამდენიმე დღის განმავლობაში ძალაში რჩება, სანამ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა.  

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ პირველივე ტურში მკაფიო იყოს ოპოზიციის გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილის "ნევროზული და უპასუხისმგებლო" რეჟიმი ისევე ეცდება მეორე ტურებამდე ამომრჩევლებში შიშის დათესვას, როგორც ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა. 


close დახურვა