logo

ოცნების სპიკერები მატყუარები არიან, ეს ზურაბიშვილმა დაადასტურა - ჭიაბერაშვილი

clock 20 მაი 202012:17

ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მმართველი პარტია ტყუილში ამხილა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაა დამოუკიდებელი ფიგურა და ის ყველა გადაწყვეტილებას ათანახმებს ივანშვილთან.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა ქვეყნის მართვაში. ზურაბ ჭაბერაშვილის თქმით, პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილების მიღებაში არის ჩართული.

„ქართული ოცნების" სპიკერები მატყუარები არიან და მათი ტყუილი არაერთხელ გვინახავს - ახლა ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ რას იტყვის "ოცნების" სპიკერი, არ აქვს მნიშვნელობა - გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი. თავად ზურაბიშვილიც, მიუხედავად იმისა, რა უნდა განაცხადოს - ვიცით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება მიღებული იძულებით, იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელსაც მას უყენებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად განხორციელდა - ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული მმართველი გუნდის მიერ.

„ყველამ იცის, რომ ივანიშვილის გარეშე არც არავის იჭერენ და არავის უშვებენ ციხიდან. ქმედება განხორციელდა იმ ძალიან დიდი ზეწოლის შემდეგ, რაც განახორციელა ქართულმა საზოგადოებამ აქტიურობით და პროტესტით და რაც განხორციელდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით", - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რომელიც ისევე გამოაშკარავდა, როგორც ყველა წინმსწრები განცხადება. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის აზრით, მმართველი პარტიის ეს ქმედება სირცხვილის გრძნობას უნდა იწვევდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებში.

„არ რცხვენია „ქართულ ოცნებას“? მერამდენედ მოიტყუეს, მერამდენედ მოატყუეს საზოგადოება - ჯერ იტყუებოდნენ, რომ მაჟორიტარებმა ჩააგდეს 14 ნოემბერს ცვლილებები, შემდეგ იტყუებოდნენ, რომ ხელშეკრულებაში არაფერი ეწერა პოლიტპატიმრებზე - ახლა იტყუებიან, რომ ზურაბიშვილმა მათთან შეთანხმების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ  ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება წინასწარ შეატყობინა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა