logo
ENG



ოხანაშვილი იპოდრომზე: ყველამ ვიცით, თუ რამე სასიკეთო კეთდება, ქართუსთან არის დაკავშირებული

30 ივნ 202013:14
3 წუთის საკითხავი
clock 443

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვის ნიშნები არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ „ქართუ“ ტერიტორიას მიზნობრივად გამოიყენებს, რადგან მათივე თქმით, ყველა საქველმოქმედო პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, სწორედ ამ ფონდთან არის დაკავშირებული.

„თუკი რამე სასიკეთო კეთდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუ ძალიან ბევრი მიმართულებით სახელმწიფოსათვის ხელშეწყობის და შემდგომი დახმარების მიზნით, „ქართუს“ სახელი ამ ყველაფერთან ასოცირდება და დაკავშირებულია. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რაზეა საუბარი ვერ გეტყვით“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

განხორციელებულ ტრანზაქციაში პრობლემას ვერც „ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში ხედავენ.

„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ქალაქში უამრავი რეკრეაციული სივრცეა. მერიის დახმარებით უამრავი საქალაქო პარკი ეწყობა. სწორედ „ქართუ“ იყო ორგანიზაცია, რომელმაც დენდროლოგიური პარკი მოაწყო. ანუ დენდროლოგია, გამწვანება, ბუნების მოვლა, არის ამ ორგანიზაციის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ პრიორიტეტი“, - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორიის მყიდველიც და გამყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ინვესტ კაპიტალისგან“ 60 მილიონ ლარად იყიდა.


close დახურვა